საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეშვიდედ უმასპინძლა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს.
სანკტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტსა და თბილისში (პარალელურად) ჩატარდა 2013-2014 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ზონისთვის. ეს ზონა თითქმის მთლიანად ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცეს (უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მედალოსნების ნახევარი ამ ზონას წარმოადგენს.
თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თავი მოიყარეს სამხრეთ კავკასიის საუკეთესო სტუდენტმა პროგრამისტებმა. ნახევარფინალის ყველა მონაწილე ავტომატურად მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატში. მათ გარდა, ამ ჩემპიონატში წელს მიიღო მონაწილეობა საუკეთესო მოსწავლეებისგან შედგენილმა რამდენიმე გუნდმა თბილისიდან და ქუთაისიდან, ასევე ”ვეტერანების” გუნდებმა თბილისიდან და სომხეთიდან. ეს გუნდები შედგებოდა სტუდენტებისგან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდათ ნახევარფინალში გამოსვლის უფლება.
ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ზონისთვის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი 1-ელ დეკემბერს ჩატარდა, სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა კი – 2 დეკემბერს.
როგორც პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალური ჯგუფის და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დირექტორი, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი თეოდორე ზარქუა აცხადებს, გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სულ 238-მა გუნდმა, აქედან 60 ასპარეზობდა თბილისიდან. შეჯიბრება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სამხრეთ კავკასიის გუნდებიდან თავიდან დაწინაურდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (ალბერტ სააკიანი, ჰრაირ არუთინიანი, აარონ სმბათიანი, მწვრთნელი - არმენ ანდრეასიანი), შეჯიბრების მესამე საათზე მათ გადაასწრო თბილისის კომაროვის სახელობის სკოლისა და სასწავლო ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელებით დაკომპლექტებულმა მოსწავლეთა გუნდმა (ელენე მაჩაიძე, ნიკა სვანიძე, ნიკა ნადირაძე, მწვრთნელები - გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი). შეჯიბრების დამთავრებამდე სულ ნახევარი საათით ადრე შეძლო მეხუთე ამოცანის ამოხსნა და პირველ ადგილზე გადანაცვლება თავისუფალი უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა (გიორგი გულიაშვილი, თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გიგლემიანი, მწვრთნელი - ზაზა გამეზარდაშვილი).
“მთლიანობაში, გუნდების დიდმა უმრავლესობამ (მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე გუნდმა) საკმაოდ სწრაფად (პირველ 30 წუთში) გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ამოცანის ამოხსნა შეძლო 60-იდან მხოლოდ 18-მა გუნდმა. აქედან ერთმა ამოხსნა 5 ამოცანა, კიდევ 4-მა ოთხ-ოთხი ამოცანა, და ხუთმა სამ-სამი ამოცანა. სტუ-ის გუნდებმა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა გამოცდილმა გუნდმა, შეჯიბრების დასაწყისში ამოხსნილ 1 ამოცანას შემდგომ ვერაფერი დაუმატეს”, – განაცხადა ზარქუამ.
თეოდორე ზარქუას განცხადებით, საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა ის 5 გუნდი, რომელთაც 4 და მეტი ამოცანა ამოხსნეს. სამხრეთ კავკასიის და საქართველოს 2013 წლების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა შემადგენლობით გიორგი გულიაშვილი, თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გიგლემიანი, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი. მეორე ადგილზე გავიდა მოსწავლეთა გუნდი, რომელიც წარმოადგენდა კომაროვის სახელობის სკოლასა და სასწავლო ცენტრ „მზიურს“, მესამეზეა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გუნდი. თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი გუნდი (ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ნიკა ბარბაქაძე, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი) გავიდა მეოთხე ადგილზე, მეხუთე კი იყო მოსწავლეთა გუნდი, რომელიც წარნოადგენდა ბათუმსა და თბილისს (კომაროვის სახელობის სკოლა და სასწავლო ცენტრი ”მზიური”) შემადგენლობით – საბა თავდგირიძე, ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკა დონაძე. ამ გუნდის მწვრთნელები არიან გულად ფარტენაძე, გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი პირველად ხდება სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი. გასულ წლებში სამხრეთ კავკასიის ჩემპიონობა მოპოვებული აქვთ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერევნის რუსულ-სომხური უნივერსიტეტის გუნდებს.
თავისუფალი უნივერსიტეტისთვის საქართველოს ჩემპიონობაც პირველია. ადრე კი საქართველოს ჩემპიონობა მოპოვებული აქვთ თსუ-ს, სტუ-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი საკმაოდ ახლოს იყო ფინალში მოხვედრასთან. ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის ზონიდან ფინალში დაშვებული 17 გუნდიდან 5-მა 5-5 ამოცანა ჩააბარა. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს უარესი დროითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და ფინალში დაშვებულთა სიაში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი ფინალში გასულია მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს. ამ წელს თსუ-ის გუნდმა (ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა) მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.
როგორც თეოდორე ზარქუა აცხადებს, მთლიანობაში აღსანიშნავია თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდების საგრძნობი პროგრესი. წლევანდელი ნახევარფინალის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალური ზონის რეიტინგ-ლისტში თავისუფალი უნივერსიტეტი 29-ეა და პირველია სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის. ამავე რეიტინგ-ლისტში 32-ე ადგილზეა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-40-ეა ერევნის რუსულ-სომხური უნივერსიტეტი და 41-ეა თსუ. ასე დაბლა თსუ ამ რეიტინგ-ლისტში აქამდე არასდროს ყოფილა.
“შესამჩნევი პროგრესი აქვს ბაქოს უნივერსიტეტ „კავკაზს“, რომელიც 57-ე ადგილზეა და მეხუთეა სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში მე-6 პოზიციას, საქართველოში კი მესამეს იყოფენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მომდევნო ადგილებზე არიან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი. კარგად იასპარეზა მოსწვლეთა გუნდებმა, რომლებიც წარმოადგენდა კომაროვის, ვეკუასა და დემირელის სახელობის სკოლებს, აგრეთვე, სასწავლო ცენტრ ”მზიურს”. ამ ჭრილში, უფრო მეტს ველოდით ქუთაისელი მოსწავლეებისგან. პირველ ხარისხის დიპლომს პირველად ეუფლება ბათუმის წარმომადგენელი საბა თავდგირიძე, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა ”მზიურის” წარმომადგენლებთან – ჯიმშერ სხირტლაძესთან და ნიკა დონაძესთან ერთად. დებიუტის კვალობაზე დამაჯერებლად იასპარეზა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც ერთი ამოცანა შეჯიბრების დასაწყისშივე ჩააბარა”, – განაცხადა ზარქუამ.
მისი განცახდებით, პირად შეჯიბრში სულ მონაწილეობდა 82 მონაწილე. სხვადასხვა მიზეზის გამო შეჯიბრში ვერ ჩაერთო ბევრი ძალიან ძლიერი მონაწილე. მიუხედავად ამოსა, ბრძოლა პირველობისთვის ბოლო წუთებამდე უკიდურესად დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ცხრილის დასაწყისში აღმოჩნდა 5 მონაწილე, რომლებმაც 5-5 ამოცანა ჩააბარეს. მათ შორის ადგილების განაწილება მოხდა დამატებითი, ე.წ. დროითი მაჩვენებლების მიხედვით.
სამხრეთ კავკასიის 2013 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ერევნის რუსულ-სომხური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ტიგრან ჰაკობიანმა, მეორე იყო ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენელი გრიგორ გევორქიანი, მესამეზე გავიდა ნიკა სვანიძე (კომაროვის სახელობის სკოლა და სასწავლო ცენტრი ”მზიური”). მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანის წარმომადგენელი კამრან მაჰაროვი (უნივერსიტეტი ”კავკაზ”), მეხუთეზე კი გავიდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ლაშა ლაკირბაია. ყველა ეს მონაწილე დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომებით.
მონაწილეებმა, რომლებმაც ჩააბარეს 4-4 ამოცანა, დაიმსახურეს მეორე ხარისხის დიპლომები. მესამე ხარისხის დიპლომები გადაეცა მონაწილეებს, რომლებმაც ამოხსნეს 3-3 ამოცანა.
საკმაოდ კარგად გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წლევანდელი პირადი ჩემპიონატის გამარჯვებული გიორგი დარჩიაშვილი. მან 4 ამოცანა ამოხსნა. მესამე ხარისხის დიპლომი სამი ამოცანით დაიმსახურა მისმა ძმამ, ნოდარ დარჩიაშვილმა. ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ორმა წარმომადგენელმა, დავით ვარამაშვილმა და ლევან ზედელაშვილმა, თითო-თითო ამოცანა ამოხსნეს.
“საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ოთხივე წარმომადგენელმა 4-4 ამოცანა ჩააბარა და დაადასტურა წინა დღით ამ უნივერსიტეტის გუნდების უფერული გამოსვლის დროებითობა”, – განაცხადა თეოდორე ზარქუამ და დასძინა, რომ მთლიანობაში ღონისძიებამ ჩაიარა ძალიან ორგანიზებულად. მონაწილეებს ყველა პირობა ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობების მთლიანად გამოვლენისთვის. აპარატურამ და სისტემურმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ იმუშავა მტყუნებების გარეშე.
ყველა საორგანიზაციო საკითხი წყდებოდა მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად. დახურვაზე, რომელიც ჩატარდა 3 დეკემბერს, მონაწილეებმა ერთხმად გამოხატეს მადლიერება ორგანიზატორების მიმართ და ხაზი გაუსვეს ორგანიზატორთა გადამწყვეტ როლს იმ სასიკეთო ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეჯიბრების ჩატარების მთელი პერიოდის განმავლობაში. გასაგებია, რომ ეს არ იყო მარტივი, რადგან ღონისძიებაში მონაწილეობდა მწვავე კონფლიქტში მყოფი სახელმწიფოების წარმომადგენლები.
თეოდორე ზარქუას განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსვლა ამ შეჯიბრებაზე შეიძლება შეფასდეს, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი, გადადგმული პროგრამისტულ ელიტაში მოხვედრის გზაზე. ადგილი არ ჰქონია განსაკუთრებულ წარმატებას, მაგრამ დადასტურდა სტაბილურობა და სტუდენტთა მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა საოლიმპიადო დონის ამაღლებისთვის.
“იმ ყურადღების ფონზე, რასაც მუდმივად ავლენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ფუნდამენტური პროგრამირების ამაღლებისთვის გამიზნული საკითხებისადმი, წინსვლა სამომავლოდ არა მარტო უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდეც უნდა დაჩქარდეს”, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტი დაჯილოდოვდა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორთა მხრიდან სპეციალური სერტიფიკატით, როგორც სამხრეთ კავკასიის ჯგუფის ნახევარფინალის მასპინძელი უნივერსიტეტი. სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს – როგორც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, ზურაბ წვერაიძეს, როგორც ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ჰამლეტ მელაძეს – ჟიურის თავმჯდომარეს და პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტს, თეოდორე ზარქუას, სტუ-ს პროგრამირებაში საოლიმპიადო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორს.