საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” ჩატარდა წიგნის “მეცნიერის სავიზიტო ბარათი” პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი გავარდაშვილის 55 წლის იუბილეს. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
წიგნში “მეცნიერის სავიზიტო ბარათი” განხილულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი გავარდაშვილის ბოლო 5 წლის (2008-2012 წწ.) ადმინისტრაციული, სამეცნიერო-პრაქტიკული და პედაგოგიური საქმიანობა (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). ინფორმაცია განთავსებულია 466 გვერდზე, ილუსტრირებულია ფერადი სურათებით. წიგნში, რომელიც გამოიცა აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის რედაქტორობით, წარმოდგენილია გივი გავარდაშვილის მიერ ორგანიზებული - წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმის მოკლე ანგარიში, ინფორმაცია ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ, გ. გავარდაშვილის ბიოგრაფიული და სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფიული მონაცემები, გამოგონებები, მონოგრაფიები და მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით 2006-2013 წლებში საქართველოში დაპროექტებული და განხორციელებული გარემოსდამცავი ღონისძიებების ჩამონათვალი. წიგნის ბოლოს მოცემულია საინფორმაციო ფოტომასალა.