საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართა. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ორი სხვადასხვა მოდელი წარმოადგინეს.
ერთ-ერთი პროექტის ავტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ავთანდილ ჯანჯღავა, მეორის – ამავე ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფი, ზურაბ დადიანის ხელმძღვანელობით.
სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს – წარუდგინეს თავ-თავიანთი პროექტები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. განიხილეს ორივე ვარიანტის დადებითი მხარეები და ხარვეზები. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ახალ ვებგვერდზე სტუდენტები კოორდინირებულად იმუშავებენ, რისთვისაც აღნიშნული ორი ჯგუფი უნდა გაერთიანდეს.
"ჯერ კიდევ ზაფხულში ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ, ერთობლივად გაგვეღრმავებინა ცოდნა IT-ტექნოლოგიებში და პარალელურად გვეკეთებინა სხვადასხვა პროექტი. 2013 წლის ოქტომბრიდან, ბატონი ბორის გითოლენდიას ხელშეწყობით, IT-ინკუბატორის ტერიტორიაზე განვთავსდით და მას შემდეგ იქ ვმუშაობთ. ჩვენი აზრით, ვებსაიტი უნივერსიტეტის სახეა და მნიშვნელოვანია ჰქონდეს დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დიზაინი, გამართული ფუნქციონალი. ამის გათვალისწინებით დავიწყეთ ამ პროექტის შესრულება. ძრავაც და დიზაინიც მთლიანად ჩვენი დაწერილია. პროექტის ხარისხიანად შესრულებაში გვეხმარებოდა IT-ინკუბატორის დირექტორი, ბატონი ნიკა როსტომაშვილი. რაც შეგვეხება გუნდის წევრებს, უმეტესობა სამუშაო გამოცდილებით ვართ, ვფლობთ და ამჟამადაც ვითვისებთ IT-სფეროში სხვადასხვა მიმართულებას", – აღნიშნა ზურაბ დადიანმა.