|
19-12-2013, 14:27
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, მკვლევარ რამაზ პატარიძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ახობაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
თანამედროვე მკვლევარი რამაზ პატარიძე არის უამრავი კვლევის ავტორი, მათ შორის, საყოველთაოდ ცნობილი “ქართული ასომთავრულისა”. რამაზ პატარიძე მიიჩნევს, რომ ქართული დამწერლობა ფარნავაზამდე ქართველ ქურუმებს უნდა შეექმნათ. სახელმწიფოს გაძლიერებასთან ერთად ის სახელმწიფო დამწერლობადაც გამოცხადდა. ამის დასადასტურებლად მეცნიერს მოჰყავს ქართული წერილობითი წყარო „მატიანე შემეცნებათა“, რომელიც გვამცნობს: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილთა, ესე იგი ქურუმთა მათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევისბერთა უხმობენ, იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ. და წერილი მათი არს წერილი ხუცური ჩვენი. წერილნი ხუცესნი (ე.ი. ქურუმთა დამწერლობა) პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა ასოთა მათთა ჩვენნი ხუცურნი“. პატარიძის აზრით, უძველესი სახეობა ქართული დამწერლობისა – „მრგლოვანი“ ანუ „ასომთავრული“ ქართული ანბანი ებრაულ-ფინიკიური და ქალდეური დამწერლობის საფუძველზეა შექმნილი ძვ. წ.აღ-ით V საუკუნეში. |
|