12-13 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის დასკვნითი ტური ჩატარდა. ამავდროულად, ეს იყო საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი ტური.
I ადგილი მოიპოვა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის გუნდმა, II ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, III ადგილი – კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცა ჟიურის თავმჯდომარემ, სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა აკაკი გიგინეიშვილმა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ “პროგრესის” დირექტორის, გიორგი ლასხიშვილის განცხადებით, ამ ტურნირის შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 3-10 ივლისს ინგლისში ტარდება.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ “პროგრესს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.