|
21-09-2009, 18:59
არასამთავრობო ორგანიზაცია ”მომავალი თაობისათვის” ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტის განსახორციელებლად ემზადება. პროექტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო, აფხაზ და ქართველ ხალხს, ოჯახებს, ძველ მეგობრებს შორის ათეული წლების მანძილზე გაწყვეტილი კავშირის აღდგენასა და გაუცხოებული ახალგაზრდა თაობების ურთიერთდაახლოებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, თბილისში პირველი აფხაზური საკვირაო სკოლა გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტის ხელმძღვანელი ორგანიზაციის ”მომავალი თაობისათვის” პრეზიდენტი და სკოლის დირექტორია დავით მენაფირე.
პროგრამით არა მარტო აფხაზური დიასპორა და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, არამედ ადგილობრივები - თბილისელებიც დაინტერესდნენ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სკოლამ უკვე 40 მოსწავლის განცხადება მიიღო და მათ შორის, ბევრი თბილისელია.
“ჩვენი მიზანია, წლების მანძილზე, აფხაზი ხალხის გულებში ქართველების მისამართით გაღვივებული შუღლი როგორმე ჩავაცხროთ და ახალ მეგობრულ ურთიერთობებს ჩავუყაროთ საფუძველი. ეს ნაბიჯი სწორედ ამის საწინდარი იქნება და დარწმუნებული ვარ, შედეგსაც აუცილებლად მივიღებთ,” - აღნიშნავს პროექტის ავტორი.
ორგანიზაციამ იდეის განხორციელების საქმეში საქართველოს პრეზიდენტისგან მხარდაჭერა, ხოლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, უწმინდესისა და უნეტარესისგან ილია მეორისგან კურთხევა მიიღო.
“პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, რომ აფხაზი ხალხის საღად მოაზროვნე ნაწილი, აფხაზური ინტელიგენცია ქართველების მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი. ამ დამოკიდებულებამ ფესვები რომ გაიდგას და აფხაზი ხალხის უმრავლესობა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის საქართველოს მიერ შესარიგებლად და სამეგობროდ გაწვდილი ხელი, ხოლო დიდი რუსეთის მხრიდან დამპყრობლური და იმპერიალისტური პოლიტიკა, აუცილებელია ჩვენც მივიღოთ ზომები და გადავდგათ კეთილგონივრული ნაბიჯები.
ამიტომაც გადავწყვიტეთ საქართველოში აფხაზური საკვირაო სკოლის დამკვიდრება და ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება. პროგრამაზე საკამაო ხანია ვმუშაობთ, ვგეგმავთ ამ კუთხით განათლების სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას,” - აცხადებს პროექტის ავტორი.
პირველი ასეთი სკოლა - ”ლამპარი” ქალაქ რუსთავში უკვე 2 წელია, არსებობს და დღეისათვის იქ 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. აფხაზურ ენას მათ პედაგოგი, ასევე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” აფხაზური ჯგუფის ჟურნალისტი, ეროვნებით აფხაზი ირმა ოსია ასწავლის.
”ორწლიანი სწავლების შემდეგ, მართლაც საოცარ შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენს სკოლადამთავრებულებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ეკონტაქტონ აფხაზ თანატოლებს. სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ინტერნეტში არიან ჩართულნი, ’სკაიპის” მეშვეობით აფხაზი მეგობრები გაიჩინეს... ამაზე კეთილშობილური საქმე სამომავლოდ რა უნდა გაკეთდეს?
სულ ახლახანს, გალის რაიონში, თვითაღიარებული ქვეყნის პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა კანონით აკრძალა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ჩვენ, პირიქით, მათი ენის შესწავლას ვცდილობთ... დარწმუნებული ვარ, დადგება დრო და შევრიგდებით, მაშინ ჩვენ აფხაზებს იმ მესამე, რუსული ენის ნაცვლად აფხაზურად დაველაპარაკებით და ჩვენს სათქმელს ასე ვეტყვით,” - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”მომავალი თაობისთვის” ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღსადგენად და მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები უკვე გადადგა, სულ მალე კი კიდევ ერთი გრანდიოზული პროგრამის განსახორციელებლად ემზადება.
საქმე ეხება აფხაზური ენის სახელმძღვანელოს გამოცემას. წიგნზე მუშაობა ქართული ”დედა ენის” გამომცემელს, პროფესორ ნათელა მაღლაკელიძეს უკვე დაწყებული აქვს. პროექტის ავტორების თქმით, სახელმძღვანელო ყველა ქართული საჯარო თუ კერძო სკოლის ბიბლიოთეკაში შევა და ამასთან, სკოლებში აფხაზური ენის ფაკულტატური გაკვეთილებიც დაინიშნება.
“ამას არავინ გვაძალებს ან გვაიძულებს, ეს უბრალოდ, ჩვენი კეთილი ნებაა, რადგან პირველ რიგში, აფხაზეთი კი არა, აფხაზები უნდა დავიბრუნოთ,” - აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აფხაზური ”დედა ენის” პრეზენტაცია 21 სექტემბრისთვის იგეგმება. ამ წიგნით აფხაზურ ენას სკოლის მოსწავლეები მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში შეისწავლიან. |
|