|
8-11-2009, 14:47
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში "აფხაზეთობა" აღინიშნება. "აფხაზეთობის" აღნიშვნა აფხაზური ოდა-სახლის "აკუასკას" პრეზენტაციით, დაიწყო. "აკუასკას" რესტავრაცია 2008-2009 წლებში განხორციელდა და ის დღეს უკვე რესტავრირებული სახით გაიხსნა. აფხაზურ სახლში წარმოდგენილია თავად ანჩაბაძის სახლის ექსპოზიცია. პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრები დალი ხომერიკი და დალილა ხორავა, ასვეე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რუსუდან კერვალიშვილი და მთავრობის ზოგიერთი წევრი ესწრება. "გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ და გავუგზავნოთ სამშვიდობო მესიჯი ჩვენს აფხაზ ძმებს. მინდა, მათ აქედან მივმართო და ვუთხრა, რომ აუცილებლად ვიქნებით ერთად, იმის მიუხედავად, რომ დღეს მესამე ძალა ცდილობს ჩვენს დაშორებას. ხალხთა ნება, რომ ერთად იცხოვრონ, აუცილებლად აღსრულდება", - განაცხადა ბარამიამ და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში "აფხაზეთობას" ქართველები და აფხაზები აფხაზეთში, ერთად აღნიშნავენ. "აფხაზეთობის" ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე დღეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლისა და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი, აფხაზეთის მხატვართა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები. "აკუასკას" ეზოში უკვე მოეწყო აფხაზური ქორწილის ინსცენირება. ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ აფხაზური სამზარეულო. |
|