ესპანელმა მეცნიერებმა და ბიზნესმენებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს. სტუ-ში სტუმრად იმყოფებოდნენ ესპანურ-ქართული სავაჭრო პალატის ასოციაციის პრეზიდენტი, ალკალას უნივერსიტეტის პროფესორი მიგელ ფელიპე კამბარ სანტოსი, fabricación de piscinas de poliester-ის დირექტორი ხესუს სოტილო ესტებანი, სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი ალეხანდრო როიზ დე პედრო.
შეხვედრას ესწრებოდნენ მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე და სხვები.
დავით თავხელიძემ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ. ესპანელი სტუმრები დაინტერესდნენ სტუ-ში მიმდინარე პროცესებით, მეცნიერების, განათლების კუთხით მომავალი ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე შეთანხმდნენ.
ალკალას უნივერსიტეტი (Universidad de Alcalá) მდებარეობს მადრიდიდან ჩრდილოეთით, 35 კილომეტრის დაშორებით. იგი 1977 წელს დაარსდა და სახელგანთქმულია სერვანტესის საყოველთაოდ ცნობილი და პრესტიჟული პრემიით. უნივერსიტეტში სწავლობს 30 000-მდე სტუდენტი, მუშაობს დაახლოებით 2 600 პროფესორი, ლექტორი, მკვლევარი. უმაღლესი სასწავლებელი XVI-XVII საუკუნეების შენობებშია განთავსებული.
ესპანურ-ქართული სავაჭრო პალატის ასოციაცია არის არაკომერციული, კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ესპანეთს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
fabricación de piscinas de poliester არის პოლიესტერის საცურაო აუზებისა და იზოთერმული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია მადრიდში, რომელიც მაღალი ხარისხითაა განთქმული.