საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი პროფესორები დააჯილდოვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის, სტუ-ს პროფესორები ნანი ხუნდაძე, მერაბ გველესიანი და ლევან მაცაბერიძე საპატიო დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვდნენ.
ნანი ხუნდაძე არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
მერაბ გველესიანს დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებიდან 45 წელი შეუსრულდა. გველესიანი წლების განმავლობაში იყო ფასწარმოქმნისა და ეკონომიკური რეფორმების განყოფილებების გამგე (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტსა და ეკონომიკის სამინისტროში). მისი ნაშრომებია: “ადგილობრივი თვითმართველობა: გუშინ, დღეს, ხვალ”, “ეკონომიქსი: ლექციების მოკლე კურსი”, “ეკონომიკური თეორია - საგანი, პრობლემები, ამოცანები”. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობისას იგი იკვლევს კავშირებს ეკონომიკურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სპეციალობებს შორის.
ლევან მაცაბერიძე არის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის გამგე, პედაგოგი, მეცნიერი. წელს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ლევან მაცაბერიძე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფიზიკის (№96) კათედრას.