|
29-10-2014, 03:33
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე „შემოდგომის ფოთლების წვის შედეგად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ორგანული ნარჩენების გადამუშავების ალტერნატიული გზები“. სემინარს უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი ნინო მუმლაძე.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, სემინარი შემოდგომის ფოთლების დაწვის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის გათვითცნობიერებას ფოთლების დაწვის მავნე შედეგების შესახებ და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ ფოთლებისა და სხვა ორგანული ნარჩენების მარტივი გადამუშავების შედეგად.
სემინარში მონაწილეობდნენ პროექტის ხელშეწყობით ჩამოყალიბებული ეკოკლუბების აქტიური წევრები, ამავე კლუბების ხელმძღვანელი მასწავლებლები და დირექტორები. სემინარს, ასევე, ესწრებოდნენ ქალაქ ბორჯომის მონუციპალიტეტის ადმინისტრაციის, ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურების და ბორჯომის ცენტრალური პარკის ხელმძღვანელები.
,,სემინარის მონაწილე ეკოკლუბელები თავიანთ სკოლებში ჩაატარებენ შეხვედრებს მასწავლებლებსა და მშობლებთან, რათა მიაწვდინონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოთლების დაწვის შედეგად ატმოსფეროს დაბინძურების შესახებ და შესთავაზონ ფოთლებისა და სხვა ორგანული ნარჩენების გამოყენების იოლი, იაფი და რაც მთავარია უვნებელი ხერხები``, _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები
აღნიშნული სემინარის ფარგლებში გაგრძელდა შეხვედრები წაღვერისა და ახალდაბის სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან, სადაც მუმლაძემ და ეკოკლუბის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს შემოდგომის ფოთლების წვის შედეგად წარმოქმნილი კომპონენტების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და წარმოადგინეს ორგანული ნარჩენების ალტერნატიული გზები. |
|