ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი რამდენიმე თვეში ახალ შენობაში განთავსდება. მანამდე კი, სამუშაო შეხვედრაზე, არქიტექტურული დეტალები ზუსტდება. მათემატიკის ინსტიტუტი ერთ-ერთია იმ 15 დაწესებულებას შორის, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთიანი სამეცნიერო კვლევებისთვის ერთიანდება.
„საერთაშორისო სამეცნიერო თანამეგობრობის ერთიან სივრცეში შესასვლელად აუცილებელია კვლევებისა და სწავლების ერთიანი სივრცის შექმნა. ამ მიმართულებით მიდის მთელი მსოფლიო“, _ განაცხადა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის ინსტიტუტი რამდენიმე ძირითად პროექტს განახორციელებს. უკვე მიღწეულია შეთანხმება ცერნის, იულიხისა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ბირთვული კვლევების ლაბორატორიებთან. თანამედროვე უახლესი კომპიუტერული სისტემა კლასტერი იძლევა საშუალებას, რომ ქართველი მეცნიერები ბირთვულ კვლევებში აქტიურად ჩაერთონ.
„ვგეგავთ 2000-ბირთვიანი კლასტერის გაკეთებას, საიდანაც, ვფიქრობთ, 1500 ბირთვს დავუთმობთ ცერნის ამოცანებს. აპლიკაციებს, სავარაუდოდ, გავაკეთებთ ამინდის პროგნოზისთვის, მიწისძვრებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისთვის“, _ განაცხადა მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გიორგობიანმა.
პროექტის მიხედვით, ინსტიტუტი დიღომში მდებარე სოფლის მეურნეობის ყოფილი სასწავლებლის შენობაში განთავსდება. უახლესი კომპიუტერული სისტემა კლასტერი პირველ სართულზე დამონტაჟდება. სწორედ აღნიშნული სისტემის საშუალებით იქნება შესაძლებელი ცერნის პროექტებში ქართველი მეცნიერების ჩართვა. პროექტის მიხედვით, მეორე-მესამე სართულებზე მოეწყობა თანამედროვე აუდიტორიები, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დარგში არსებული სიახლეების შესახებ სემინარები ჩაატარონ.
„დაკარგული გვაქვს ერთიანობა. სხვადასხვა ადგილას გვიხდება ერთმანეთთან შეხვედრა, სემინარების ჩატარება, თუმცა ინსტიტუტი მაინც ფუნქციონირებს. ვემზადებით იმ დიდი ამოცანების შესასრულებლად, რასაც აქ კლასტერის გამართვა და ცერნთან თანამშრომლობა მოითხოვს ჩვენგან“, _ განაცხადა მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა ვახტანგ კვარაცხელიამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანკიძის განცხადებით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტია.
„მეცნიერების კუთხით გამოიყო დამატებითი დაფინანსება და დღეს კვლევითი დაწესებულებები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. კონკრეტულად ამ პროექტისთვის გამოყოფილი გარკვეული თანხა, რათა ინსტიტუტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვოს. მან უნდა შეასრულოს არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით შესასრულებელი ამოცანები. ინსტიტუტში განხორციელებულ პროექტებს ექნება როგორც სამეცნიერო, ისე კომერციული ინტერესი. აღნიშნული პროექტი დაგვეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა მოდელირების უზრუნველყოფა, მაგალითად, ამინდის პროგნოზის. ტრანსპორტის ქსელის, ენერგეტიკის ქსელის ოპტიმიზაციის პრობლემების გადაჭრა ნამდვილად შესაძლებელია“, - განაცხადა სანიკიძემ.