აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა სტუ
28-05-2015, 21:47
აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯილდო მეცნიერმა მაღალი ენერგიების ფიზიკის, თეორიული და მათემატიკური ფიზიკის სფეროებში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის მიიღო.

ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (JINR) ხელმძღვანელი ვიქტორ მატვეევი ფიზიკისა და მათემატიკის დოქტორი, პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. წლების განმავლობაში იგი ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ჟურნალ "ბირთვული ფიზიკის" სარედაქციო საბჭოს წევრი იყო. მატვეევი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნამუშევრის ავტორი და აღმოჩენის თანაავტორია. იგი არის მრავალი წოდებისა და ჯილდოს მფლობელი.

შეგახსენებთ: საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათი მონაწილეობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. შეხვედრაზე იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან. განიხილეს მიღწეული შედეგები, არსებული პერსპექტივები, ასევე, ერთობლივი პროექტები და ამ პროექტებში ქართველი ფიზიკოსების ჩართულობა. შეხვედრაზე ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ვიქტორ მატვეევმა, წარმოადგინა ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, ისაუბრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტს შორის არსებულ მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობაზე.

ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტი სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაა. ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის მუშაობის მთავარ მიმართულებაა თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები ფიზიკის შემდეგ სფეროებში: ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და კონდენსირებადი მდგომარეობების ფიზიკა.

ინსტიტუტში გაერთიანებულია მსოფლიოს 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ინსტიტუტი თანამშრომლობს საერთაშორისი ორგანიზაციებთან Fermilab (აშშ), KEK (იაპონია) CERN (შვეიცარია) და DESY (გერმანია), მსოფლიოს 700-მდე სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და 60 უმაღლეს სასწავლებელთან. აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში (LHC, FAIR, XFEL).
საქართველოს თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ფიზიკა-მათემატიკის დარგში, წარმატებით თანამშრომლობს დუბნის კვლევით ინსტიტუტთან. ეს კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართველი ფიზიკოსების დასაქმებასა და მათ საერთაშორისო პროექტებში ჩართვაში. დღეისთვის 30-მდე ქართველი მეცნიერი წარმატებულად მოღვაწეობს აღნიშნული ინსტიტუტის კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.

ქართველ მეცნიერებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის დიდი საინფორმაციო ბაზით. ინსტიტუტთან არსებული სასწავლო- სამეცნიერო ცენტრი არის უნიკალური საშუალება ქართველი ასპირანტებისთვის, გაიარონ პრაქტიკა და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. სტუდენტებისთვის შექმნილია სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მათ შეძლონ თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე, შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და აქტიურად ჩაერთონ ინსტიტუტის სხვადასხვა ლაბორატორიის კვლევით საქმიანობაში.
ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტი მუდმივად ვითარდება საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით. ინსტიტუტის განვითარების სტრატეგია მოიცავს ახალი საბაზო დანადგარების შექმნას, არსებულთა განახლება-მოდერნიზირებასა და საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას. ამ პროექტთაგან აღსანიშნავია შემდეგი: CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია), GSI (გერმანია), FNAL და BNL (აშშ). ყოველივე ზემოთ აღნიშნული ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს, როგორც სრულუფლებიან წევრს, აქვს შესაძლებლობა, მეტი სპეციალისტი ჩართოს და დაასაქმოს საერთაშორისო პროექტებში.
 
 

ასევე:

  • იწყება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში - 2“
  • სტუ-ში ტარდება “შემოდგომის ლექციები თბილისში“
  • სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან
  • აცუტო სუზუკის სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
  • სტუ-ს ცერნის წარმომადგენელი ეწვევა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge