|
9-12-2014, 05:38
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალურ დირექტორს, პროფესორ აცუტო სუზუკის აღნიშნული ჯილდო მაღალი ენერგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გადასცა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრნგიშვილმა. სუზუკი სწავლობდა ნიიგატას უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მოიპოვა ტოჰოკუს უნივერსიტეტში, მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. სუზუკი მონაწილეობდა იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ექსპერიმენტში. 2005 წელს მან მიიღო მედალი „Purple Ribbon“. 2006 წლის აპრილიდან იგი უკვე იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალური დირექტორია. 2006 წელს მან მიიღო Bruno Pontecorvo-ს პრემია.
იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის „KEK”-ის გენერალური დირექტორი აცუტო სუზუკი და პროფესორი სატოში მიჰარა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია ახალი ერთობლივი პროექტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებების განხილვა. იაპონელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. ხელი მოეწერა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და ტექნოლოგიების სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრ - საქართველოსა და მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის გაფორმდა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მემორანდუმი ფარგლებში მხარეები მზად არიან დააფუძნონ, გააძლიერონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესში და მოამზადონ მაღალი დონის სპეციალისტები ფიზიკაში, ნაწილაკებისა და ბირთვულ ფიზიკაში, ფიზიკურ ინჟინერიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დაეხმარონ ქართველ ახალგაზრდა სპეციალისტებს KEK-ში კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ქართველი ფიზიკოსები და ინჟინრები უფრო ფართოდ ჩაერთონ გლობალურ, მსოფლიო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში. იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია (KEK) ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და მისცემს მათ საშუალებას რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა. |
|