|
19-10-2015, 15:05
ხვალ, 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. „განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის“ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ფონდი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას კონკურსის - „გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის” - შესახებ.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და მიიზიდოს მოტივირებული სტუდენტები და დაეხმაროს მათ ბიზნესისთვის საინტერესო ინოვაციური ედეების კომერციალიზაციაში.
ფონდი დასაფინანსებლად შეარჩევს საუკეთესო სტუდენტურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კომერციულად ღირებული იდეების აპრობაციას, გამოგონებების სრულყოფას, რეალიზაციას, საცდელი ნიმუშების (პროტოტიპების) დამზადებას, ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.
პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე, საგრანტო დაფინანსება - 10 000 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში, ფონდი განიხილავს წარმატებული პროექტების გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობებს.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია თს ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ვებგვერდიდან: www.tsfund.ge. საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, 0108, მარი ბროსეს ქ. 2. ტელ.: 224 24 36, 224 24 37. contact@tsfund.ge . |
|