|
29-01-2010, 03:09
აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემპშირში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი ჯერომ დევიდ სელინჯერი. როგორც სელინჯერის ლიტერატურულმა წარმომადგენელმა მწერლის ვაჟის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, 91 წლის სელინჯერი თავის ბინაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. სელინჯერი 1919 წლის 1-ელ იანვარს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი, სოლომონ სელინჯერი, პოლონური ებრაელი, ვაჭრობით არჩენდა ოჯახს. მწერლის დედა, მერი ჯილიკი, ირლანდიურ-შოტლანდიური წარმოშობის ქალი იყო. 1939 წელს ჯერომ სელინჯერი კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, რის გამოც მამის წყრომა დაიმსახურა და მამა-შვილი ერთმანეთს საბოლოოდ დაემდურა კიდეც. 1942 წელს ჯერომ სელინჯერი ჯარში გაიწვიეს. დაამთავრა ოფიცერთა სკოლა, მიიღო სერჟანტის წოდება. მალევე გაგზავნეს კონტრდაზვერვაში ნეშვილის მიმართულებით. მონაწილეობდა ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ოპერაციაში. მონაწილეობა მიიღო ასევე რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებაში. სეინჯერმა სახელი მოიხვეჭა რომანით "თამაში ჭვავის ყანაში" (1951). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი _ საგა გლასების ოჯახზე _ "ბანანა თევზის ამინდი" (1948), "ფრენი და ზუი" (1961), "ჭერი ასწიეთ, დურგლებო" (1963), "სეიმური -გაცნობა" (1963). სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს. აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგიური დოქტრინებით, აღმოსავლეთის იდეალისტური ფოლოსოფიით. ჯერომ სელინჯერი ბოლო ათწლეულების განმავლობაში კორნიშში, აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემპშირში, საზოგადოებისგან განმარტოებით ცხოვრობდა. 1965 წლიდან მოყოლებული, არსად იბეჭდებოდა. აკრძალა თავისი ნაწარმოებების გამოცემა. მან უჩივლა კიდეც ერთ-ერთ ამერიკელ მწრალს, როდესაც გაიგო, რომ მისი რომანის გაგრძელების გამოცემა ჰქონდა გადაწყვეტილი. ცნობილია, რომ 1972 წლისთვის ჯერომ სელინჯერს უკვე დაწერილი ჰქონდა კიდევ ორი რომანი. სელინჯერის ქალიშვილის განცხადებით, ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება მხოლოდ მწერლის გარდაცვალების შემდეგ აქვს. ჯერომ სელინჯერმა კატეგორიული უარი თქვა თავისი ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლების შესრულებაზე ახალგაზრდობაში არაერთი ცნობილი მსახიობი ოცნებობდა, მათ შორის: მარლონ ბრანდო, ჯეკ ნიკოლსონი, ლეონარდო დი კაპრიო. 1961 წელს სელინჯერმა უარი უთხრა რეჟისორ ელია კაზანს რომანის “თამაში ჭვავის ყანაში” ბროდვეიზე დადგმასთან დაკავშირბით. ბოლო წლებში მისი რომანის ეკრანიზების უფლების მოპოვებას ცდილობდნენ რეჟისორი სტივენ სპილბერგი და პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, თუმცა მწერალმა მათი წინადადებები არ განიხილა და ლიტერატურული აგენტის მეშვეობის უარი შეუთვალა. ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, როდის დაკრძალავენ მწერალს, ან რა ბედი ელევა მის გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებს. |
|