|
11-11-2010, 22:53
83 წლის ასაკში ცნობილი ლიტერატორი, მწერალი თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა.
თაობაში ინტელექტუალურობით გამორჩეული თამაზ ჩხენკელი ავტორია არაერთი ცნობილი ლიტერატურული წერილის და ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი მონოგრაფიისა. წლების განმავლობაში ჩხენკელი ქართული ანბანის კვლევაზე მუშაობდა. ნათარგმნი აქვს ინდური და ჩინური პოეზიის ნიმუშები. ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის "გიტანჯალი" მიიჩნევა.
"თამაზ ჩხენკელი არა მარტო ფრაზის ოსტატია, არამედ ანალიტიკოსიც, არა მარტო ირაციონალურ საწყისს ენდობა, არამედ ამ საწყისის გონებრივ, ცნობიერ ნაწილად გარდასახვას ცდილობს. თამაზ ჩხენკელმა გარკვეული კულტურული, ენობრივი, თემატური ტრადიციაც კი აითვისა და მოარგო თავის სათქმელს. იქნებ ეს ტრადიცია ერთგვარად სათქმელსაც ქმნის შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ პიროვნულ-ინდივიდუალური ნიშნები, კონკრეტული გარემო, სახლი, ხელი, მეგობრები მაინც განმსაზღვრელია", _ წერდა ცოტა ხნის წინ მის შესახებ მწერალი ანდრო ბუაჩიძე.
თამაზ ჩხენკელს 13 ნოემბერს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. |
|