|
4-02-2010, 13:40
გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისში პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მანამდე აღნიშნული სასწავლებლის ადმინისტრაცია ჩხეიძის ქუჩაზე იყო განთავსებული, ხოლო მისი პირველი კორპუსი არსენალზე მდებარეობდა. 1962 წელს ამჟამინდელ სააკაძის მოედანზე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ასე რომ, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ აგებული და ექსპლუატაციში შესული შენობა მნახველს ესთეთიკურ სიამოვნებას ახლაც ანიჭებს და არქიტექტურული თვალსაზრისით, მშენებელთა მაღალ შეფასებასაც იმსახურებს. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში შენობის ინტერიერი მრავალგზის შეიცვალა, ემატებოდა და იტიხრებოდა ოთახები, რის გამოც, პერიოდულად, მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაო ტარდებოდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ გვარამიას 2009 წლის 20 მარტის # 149 ბრძანების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პროექტების განმხილველი კომისიის მიერ (თავმჯდომარე, მინისტრის მოადგილე, ნოდარ სურგულაძე) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის 908569 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ. აქედან სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის 213 356 ლარი გამოიყო. გარემონტდა შვიდი ოთახი; რეკონსტრუქცია და რემონტი გაუკეთდა რექტორის კაბინეტს, მისაღებს, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი; დამონტაჟდა სადარაჯო-სახანძრო სიგნალიზაცია, გაახლდა კომპიუერული ქსელი. ახლო მომავალში საკონფერენციო დარბაზისთვის სინქრონული თარგმანის აპარატურაც დამონტაჟდება; III სართულზე კაპიტალურად გარემონტდა სველი წერტილები; გაახლდა II-III სართულზე მდებარე დერეფნები და ფოიეები. გამოიცვალა მთავარი შემოსასვლელის სამი კარი. პირველი სართულის კიბეებზე შემოსასვლელის ინტერიერის გათვალისწინებით, ბოლნისის ტუფის მსგავსი მასალისგან დამზადებლი რიკულებიანი მოაჯირი, ხოლო მესამე სართულზე ასასვლელ კიბეებზე ლითონისაგან დამზადებული ე. წ. ჭედური მოაჯირი დამონტაჟდა. ადმინისტრაციულ კორპუსში ხის ფანჯრები ე. წ. მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით შეიცვალა, საერთო ჯამში 1300მ კვადრატი. მთლიანად შეიღება ადმინისტრაციული კორპუსის ფასადი. აღნიშნული თანხის გამოყენებით, ძირეული რემონტი ჩაუტარდა II კორპუსში მდებარე სპორტდარბაზს. აქ ე. წ. ევრორემონტის სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საშხაპეები, გასახდელები, სველი წერტილები, სავარჯიშო ოთახები, მოხდა დარბაზის სრული ელექტროფიკაცია; დაიგო პარკეტი. II კორპუსში გარემონტდა კაზმის დამზადების ლაბორატორია; ქიმიური, ტექნოლოგიური და მენეჯმენტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. შეიცვალა ძალოვანი სადენები. და ა.შ.. ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართულის კიბეებზე ლითონის ჭედური მოაჯირების შესასრულებლად დაიხარჯა 39 346 ლარი; ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოსთვის _ 167 167 ლარი; ადმინისტრაციული კორპუსის ფასადის სარემონტო სამუშაოსთვის _ 114 254 ლარი; ადმინისტრაციული კორპუსის ფანჯრების შესაცვლელად _ 300 025 ლარი. აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა, სადაც გამარჯვებული ორგანიზაციები გამოვლინდნენ: შპს “გეოკოლორს~ ადმინისტრაციული კორპუსისა და II კორპუსის სპორტდარბაზისთვის 326 534,22 ლარი გადაეცა. ადმინისტრაციული კორპუსის ჭედური მოაჯირების მოწყობისთვის შპს. “არტტექსს~ _ 35027,47 ლარი; ადმინისტრაციული კორპუსის ფასადის სამღებროდ და ფანჯრების შეცვლის სამუშაოსთვის შპს. “ორნამენტს~ _ 208414,78 ლარი; ადმინისტრაციული კორპუსის ე. წ. “მიტინგრუმში” სინქრონული თარგმნის აპარატურის მონტაჟისთვის გამარჯვებული ფირმა არ გამოვლინდა. გამოყოფილი იყო 74421 ლარი. გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყეს სამუშაოს შესრულება, რომელსაც კოორდინაციასა სტუ-ის სამეურნეო და საექსპლუატაციო-სარემონტო დეპარტამენტი და მისი უფროსი ივანე კომახიძე უწევს. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ტექნიკურ უნივერსიტიტის შენობებს მცირემასშტაბიანი სარემონტო სამუშაო დროთა განმავლობაში პერიოდულად უტარდებოდა, მაგრამ ამგვარი ფართომასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაო პირველად ხორციელდება. ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორები მიმდინარე სამუშაოს დადებითად აფასებენ. როგორც საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მერაბ თევზაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ჯერ კიდევ 40-იან წლებში, ცნობილი ხუროთმოძღვარის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, მიხეილ შავიშვილის მიერ შექმნილი მთავარი კორპუსის ინტერიერი ჯერ კიდევ მშენებლობის დროს, მიზეზთა გამო, დამახინჯდა. “ამჟამად, ხასგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით, ტარდება სარემონტო-სარეკონსტრუქციო და აღდენითი სამუშაო, რომლის გაგრძელების შემთხვევაში, მთავარი კორპუსი მაქსიმალრად მიუახლოვდება იმ პირვანდელ სახეს, რომელიც პროექტში თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს. ამდაგვარი ტიპის სამუშაოს ჩატარება აუცილებელია სტუ-ში არსებული ძველი კორპუსებისთვის, რისი განხორციელების დიდი იმედიც მაქვს~. ~საავტომობილო ტრანსპორტის~ მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ჯუმბერ იოსებიძე აცხადებს, რომ კეთილი საქმისთვის გამიზნული ნებისმიერი მშენებლობა თუ შენობების რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა სასიხარულო მოვლენაა. “საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სამწუხაროდ, უმეტესად ნგრევის მოწმენი გავხდით. ამიტომ კეთილი საქმისთვის გამიზნული ნებისმიერი მშენებლობა თუ შენობების რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა სასიხარულო მოვლენაა. მისასალმებელია მიზნობრივად გამოყოფილი სახსრებით ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა. იგი ამით შეიძენს უნივერსიტეტის პროგრესისთვის საჭირო ესთეტიკურ და შინაარსობრივ დატვირთვას. დღეისათვის შეინიშნება უნივერსიტეტის მართვისადმი სისტემური მიდგომა. ეს კი უმაღლესი სასწავლებლის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის გარანტიაა. ამით შესაძლებელია ფეკულტეტების ისეთ პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა კორპუსების გათბობა, ლაბორატორიებისა და აუდიტორიების თანამედროვე დონეზე მოწყობა და აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა მეცნიერული კვლევებისთვის და სხვა. მჯერა, რომ ამისათვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ძალღონეს არ დაიშურებს”, _ განაცხადა მან. სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ჯაფარიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. “მთავარი კორპუსი _ ეს არის ჩვენი სახე. აქ შემოსულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ უდიდესი სასწავლო და სამეცნიერო ტრადიციებისა და ისტორიის მქონე სასწავლებელში შემოვიდა. ამავე დროს, ესთეტიკური სიამოვნებაც უნდა მიიღოს. მისასალმებელია, რომ სარემონტო სამუშაო ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტით არ ხორციელდება. ყოველივე პირდაპირ განათლების სამინისტროს მიზანმიმართული დაფინანსებით კეთდება. ეს თანხა როგორც ადმინისტრაციული კორპუსის, ასევე მეორე კორპუსის სპორტული დარბაზისა და რამდენიმე აუდიტორიის რემონტისთვის დაიხარჯება. ამით უნივერსიტეტის წინაშე მდგარი ერთ-ერთი პრობლემა გადაიჭრება”, _ განაცხადა მან. დადებითი პოზიცია გამოხატა საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ანზორ შავგულიძემ. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი მასშტაბის სარემონტო სამუშაო ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოებისას მაქსიმალურად იქნა გამოყენებული სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომლის მაგალითია აკადემიური საბჭოს მდივანი საქარველოს დამსახურებული არქიტექტორი პროფესორი გოგი სალუქვაძე. ამ ხნის განმავლობაში იგი სრულიად უანგაროდ, ხელოსანთა გვერდით იმყოფებოდა. მისი რჩევითა და მითითებით ბევრი დეტალი შეიცვალა, დაიხვეწა და საბოლოოდ ლამაზი სახე მიეცა. ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ განათლების სფეროს მესვეურთ იმ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მიმართ იჩენენ.
ნიკა ბრეგვაძე |
|