|
1-04-2010, 14:22
დღეს, 1-ელ აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და გაწეული ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისთვის, სატრანსპორტო ფაკულტეტის მანქანამშენებლობის ტექნოლოგიების კათედრის სრულ პროფესორს, ვაჟა მენთეშაშვილს, ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომი გადასცა.
ვაჟა მენთეშაშვილი 50 წელია, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღცვაწეობას ეწევა, არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო პედაგოგიური ნაშრომი, მათ შორის, 12 საავტორო მოწმობა და 2 საქართველოს პატენტი გამოგონებაზე.
მინისტრმა საქართველოს ტექნკურ უნივერსიტეტში ჩატარებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა. აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში გარემონტდა ადმინისტრაციული კორპუსის ფასადი, სინქრონული თარგმანის აპარატურითა და უახლესი ავეჯით აღიჭურვა საკონფერენციო დარბაზი, გარემონტდა მე-4 სასწავლო კორპუსის აუდიტორიები. მე-2 კორპუსში სპორტდარბაზს ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება მთლიანი რეკონსტრუქციით, მოეწყო ახალი საშხაპეები, გასახდელები და სატრენინგო ოთახები.
მინისტრმა მოინახულა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, რომელსაც კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციისა და ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების საბჭოს წევრი ზვიად კოვზირიძე ხელმძღვანელობს. ცენტრი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მისი პარტნიორები არიან გერმანიის ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტი, იაპონიის ტოჰოკუს უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ლაბორატორია, ინგლისის მანჩესტერის უნივერსიტეტი.
2010 წლის 15-18 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაგეგმილ მე-3 მსოფლიო კონგრესზე, სწორედ ამ ცენტრის წყალობით, საქართველო იქნება მესამე ქვეყანა ამერიკისა და იაპონიის შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს კერამიკული ნაწილაკებით კიბოს დაავადებების მკურნალობის შესახებ. |
|