|
27-04-2010, 14:17
26 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული შახტა-ლაბორატორია დაათვალიერა. სასწავლო ლაბორატორია, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც უნიკალურად ითვლება. შახტის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დასრულდა. A
ლაბორატორიაში სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მიმდინარეობს შემდეგი პროცედურების სწავლება: ბურღვა-აფეთქება, გვირაბის გაყვანა გვირაბგამყვანი კომბაინით, ჩაქუჩებით მონგრევა და წიაღისეულის მონგრევა-იმიტაცია.G
გვირაბების საერთო სიგრძე 1000 მეტრია, სიღრმე _ 30 მეტრი. როგორც ცნობილია, შახტას 1992 წლის შემდგომ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩასტარებია. კათედრის თანამშრომლებს თავიანთი ხარჯითა და ენთუზიაზმით უხდებოდათ სტუდენტთა პრაქტიკისთვის ამ მეტად საჭირო სასწავლო ლაბორატორიის შენარჩუნება.
მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა შახტაში მდებარე სასწავლო მანქანა-დანადგარები, რომლებიც საექსპლუატაციო ვადის გასვლის მიუხედავად, კვლავ მუშა მდგომარეობაშია. დიმიტრი შაშკინი უნივერსიტეტს შახტის სარეაბილიტაციოდ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.
ჩვენთან საუბრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი გუჯაბიძემ განმარტა, რომ აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ბჯენების (კრონშტეინების) გამოცვლას, რკინის დეტალების ე. წ. ანტიკოროზიული სითხით დამუშავებას, ლიანდაგების აღდგენა-გამაგრებასა და დენის სადენების გამოცვლას მოხმარდება. გამოიცვლება ასევე სანაპიროს მხრიდან გვირაბში შესასვლელი რკინის კარები, გარემონტდება პორტალი. გუჯაბიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის სარემონტო სამუშაოს ჩატარების შედეგად, შახტა-ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის საუკეთესო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, შემდგომში უკვე გაცილებით ნაკლები დანახარჯი იქნება საჭირო. |
|