|
9-03-2010, 13:42
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი როკჯგუფის, Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი, შესაძლოა, DVD-ზე გამოიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი" ავრცელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ჯგუფის მენეჯერმა თავად შესთავაზა მათ თბილისური ვიზიტისა და კონცერტის ვიდეოვერსიის გადაღება. ვიდეომასალა ინგლისში გაიგზავნება, მას სპეციალისტები დაამუშავებენ და მსოფლიო მასშტაბით გამოიცემა ოფიციალურ დისკზე, სახელწოდებით Live In Tbilsi. გეგმის რეალიზაციაში მოსაყვანად მთავარი ახლა ფინანსების მოძიებაა. "ლოკომოტივ პრომოუშენში" აცხადებენ, რომ სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში DVD აუცილებლად გამოვა და სპონსორის ლოგოც დისკის ყდაზე განთავსდება.
Uriah Heep-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ როკჯგუფად, პროგრესივ და მელოდიური ჰარდროკის პიონერად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ კალიბრის როკჯგუფი თბილისს ჯერ არ სწვევია.
Uriah Heep-ის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 19 მარტს გაიმართება. ბილეთები ფილარმონიის სალაროში უკვე იყიდება და ფასი 50 ლარიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ვებგვერდი: http://www.LocoProm.ge |
|