|
23-04-2010, 02:12
ესპანელი მწერლის, სერვანტესის გარდაცვალებიდან 394 წელი შესრულდა. მიგელ დე სერვანტეს საავედრა, საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა "მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი", 1547 წლის 29 სექტემბერს ალკადა-დე-ენარესში დაიბადა. მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში.მიგელის გარდა, მის მშობლებს ჰყავდათ ორი ქალიშვილი - ანდრეა და ლუიზა და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაბღაჯნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, მიგელმა სტუდენტობის წლები რომ გაატარა.
1560-1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. უფროსი ვაჟი როდრიგო უკვე ფლანდრიაში ანუ მეფის ჯარში მსახურობდა. 1568 წელს სერვანტესი გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლე იყო. ოიოსი სალამანკის უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.
1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ გიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა. 1571 წელს კი შეუერთდა ნეაპოლში სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში მან მარჯვენა ხელი დაკარგა.
სერვანტესი 1616 წლის 23 აპრილს მადრიდში გარდაიცვალა. |
|