|
4-05-2010, 01:48
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში“ ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი გაიხსნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. სემინარში გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევათა ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს. მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი მომავალში ერთობლივი პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების მივლინება გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევათა ცენტრში. გარდა ამისა, ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები განხორციელდება.
6 მაისს, 10:00-19:00 საათზე, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით “მომავალი თანამშრომლობა და აკადემიური ტრეინინგი”.
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებული ვორქშოფი იმართება. ვორქშოფს გერმანიის იულიხის კვლევათა ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრებიან. შეხვედრაზე გერმანელ პროფესორს, ჰანს შტროერს, თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ადრონული ფიზიკის საკითხებისადმი მიძღვნილი მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი თბილისში 7 მაისამდე გაგრძელდება. |
|