|
1-06-2010, 00:58
ახალი ამებების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" 1-ელ ივნისს დაარსებიდან 5 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით 1-ელ ივნისს სააგენტო სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მდებარე გალერეა "შარდენში" აწყობს ფოტოგამოფენას, სახელწოდებით _ "ფოტოთი მოყოლილი ამბები".
"არქივში არსებული ათასობით ფოტოდან გამოფენისთვის ფოტოების არჩევა საკმაოდ რთული იყო. თუმცა მაინც შევცადეთ გამოგვერჩია რამდენიმე თემა. დამთვალიერებელი ნახავს საკმაოდ საინტერესო ფოტოებს, რომელიც 5 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერაა გადაღებული", - განაცხადა ჩვენთან საუბარში სააგენტოს დირექტორმა გოჩა მირცხულავამ.
მისი თქმით, გამოფენაზე მედიის, პოლიტიკოსების, კულტურისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა გარდა, მოწვეულია ყველა თანამშრომელი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში სააგენტოში მუშაობდა.
სააგენტოს დირექტორის თქმით, განვლილი ხუთი წელი არ იყო იოლი, თუმცა სააგენტომ შეძლო არა მხოლოდ თვითდამკვიდრება, არამედ საკმაოდ დიდი წარმატებებისთვის მიღწევა და ათასობით გულშემატკივრის შეძენა.
"5 წლის განმავლობაში მრავალი ერთგული მკითხველი შევიძინეთ და მათთვის ინფორმაციის სანდო წყაროდ ვიქეცით. ჩვენი ახალი სლოგანიც _ "ინფორმაციის შენი წყარო" _ ორიენტირებულია თითოეულ მკითხველზე, იმის მიხედვით, თუ ვის რა თემატიკაზე სურს ინფორმაციის მიღება", _ აცხადებს გოჩა მირცხულავა და აღნიშნავს, რომ სააგენტომ შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ყოფილიყო მიუკერძოებელი.
"სწორედ ამ ფაქტორებმა შეასრულა უმთავრესი როლი იმაში, რომ მნიშვნელოვანი აღიარება მოვიპოვეთ და ამჟამად "ჯი-ეიჩ-ენი" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების თავმჯდომარეა", _ განმარტავს მირცხულავა.
მირცხულავას თქმით, სააგენტო უახლოეს მომავალში საზოგადოებას მრავალ სიახლეს შესთავაზებს.
"უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მრავალ სიახლეს შევთავაზებთ. რაც მთავარია, წლევანდელი შემოდგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანად ქართული მედიისთვის. მაგრამ მოვლენებს ჯერ წინ არ გავუსწრებ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება სიურპრიზი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი კოლეგებისთვის", - აცხადებს მირცხულავა.
მირცხულავა სააგენტოს დაბადების დღეს ულოცავს ყველა თანამშრომელს, ერთგულ მკითხველებს, პარტიორებსა და გულშემატკივრებს და იმედოვნებს, რომ "ჯი-ეიჩ-ენის" ობიექტურობა და მოუკერძოებლობა მომავალშიც სათანადოდ იქნება დაფასებული. |
|