ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
14-06-2010, 01:38
14 ივნისს ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა და 1953 წლის 14 ივნისს, თავისივე დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა.

18:30 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნატო ვაჩნაძის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, ესკიზები ფილმებიდან. ასევე წარმოდგენილი იქნება აფიშები და უნიკალური ექსპოზიცია, რომელთა შორისაა ბორის პასტერნაკის ხელნაწერი წერილი და ვლადიმერ მაიაკოვსკის ნატოსადმი მიძღვნილი წიგნი, ავტორის წარწერით.

ნატო ვაჩნაძე იყო საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. ნატო ვაჩნაძის ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია “საქკინმრეწვი” საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა. მაშინ პოლონეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მამა – გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი – ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზიის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდა.
დედა - ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია პოლონელი იყო. დედის ბებია – ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მიიწვიეს თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა – ცოლად შეირთო სლივიცკიმ, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი – რუსი.

ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი, სახელად ზელიმხანი. როდესაც ზელიმხანმა ეს გაიგო, ნატოს მამას შეუთვალა, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. მაგრამ გიორგი მაინც წავიდა. ზელიმხანმა დაასწრო და სასიკვდილოდ დაჭრა. ცოტა ხანში ვიღაცებს ზელიმხანიც მოკლეს.

გიორგი ანდრონიკაშვილს დარჩა ოთხი უმწეო ბავშვი ობლად. უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი - წლინახევრის. დედამ შვილები წაიყვანა კახეთში, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალების დაფარვას დასჭირდა. უბინაოები ბიძამ შეიფარა სოფელ ფხომელში. ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანში ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი - გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში. კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დასცილდნენ ერთმანეთს. 1939 წელს მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.

ნატო ვაჩნაძე თბილისში მუშაობდა მუშად, მუსიკის მასწავლებლად. იგი შემთხვევით აღმოაჩინეს. ნატოს ფოტოსურათი ე. წ. „დვარცოვზე“ შიხმანის ფოტოატელიეს ფირნიშზე შეამჩნია ამო ბეკ–ნაზაროვმა (ამ ეპიზოდს ბეკ–ნაზაროვი აღწერს მემუარებში). ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გურჯაანში მიავლინა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო უცნობის მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში და მცირედი ყოყმანის შემდეგ ნატო ვაჩნაძე სურათ “არსენა ყაჩაღის” გადაღებაზე დაითანხმა.

1923 წელს თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო გადაღება მუნჯი მხატვრული ფილმისა “არსენა ყაჩაღი”. სცენარის ავტორი და რეჟისორი იყო ვლადიმერ ბარსკი, ოპერატორი - ა. დიღმელოვი, მხატვარი - ვ. სიდამონ-ერისთავი. მთავარ როლებში: არსენა ოძელაშვილი – ქუთაისელი ჭაბუკი გრიგოლ ჩეჩელაშვილი; ნენო, არსენას საცოლე – ნატო ანდრონიკაშვილი-ვაჩნაძე.
სულ რამდენიმე თვის შემდეგ არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო ნატო. მისი ფოტოები უმალ გავრცელდა ჟურნალებში. 1920-30-იან წლებში ნატო ვაჩნაძე საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახდა. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია “საქკინმრეწვი” საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ნატო ვაჩნაძემ შეასრულა მრავალი როლი: ნინო (არსენა ყაჩაღი 1914 წ), ნუნუ (,,მამის მკვლელი”, 1924 წ), ესმა (,,სამი სიცოცხლე”, რეჟისორი ი. პერესტიანი 1925 წ), დესპინე (,,ჩვენი ქვეყნის რაინდი”, რეჟისორი ი. პერესტიანი 1925წ), ფატი (,,ვინ არის დამნაშავე”, რეჟ. ა. წუწუნავა 1925 წ), გიული (,,გიული” რეჟ. ნ. შენგელაია), ლ. პუში (,,ამოკი”, რეჟისორი კ. მარჯანიშვილი, 1927წ.), ევროპელი ქალი, ჯემა (,,კრაზანა”, 1928 წ ფილმის რეჟისორი კ. მარჯანიშვილი), ციცია (ს. დოლიძის ფილმი ,,უკანასკნელი ჯვაროსნები” 1933წ.), ხმოვან კინოში შეასრულა: თამარი (,,უკანასკნელი მასკარადი’’, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1933 წ.), ნენო (,,არსენა” 1937 წ. რეჟ. მ. ჭიაურელი), მეჩაიე ნანი (,,ნარინჯის ველი”, რეჟ. ნ. შენგელია, 1937 წ.) რისთვისაც 1941 წ. მიიღო სახელმწიფო პრემია, მართა (,,ქაჯანა” რეჟ კ. პიპინაშვილი,1941 წ.) ნათელა (,,სამშობლო” რეჟ. ნ. შენგელაია,1939 წ.), გვირისტინე (,,ხიდონელი ქალიშვილი”, რეჟ. დ. ანთაძე,1940 წ.), მანანა (“ის კვლავ დაბრუნდება” რეჟ. ნ. შენგელაია, დ. ანთაძე 1943 წ.), ძიძის მანოს როლი (რეჟ. კ. პიპინაშვილი ,,აკაკის აკვანი” 1947 წ.), ვაჩნაძის უკანასკნელი როლია ელისაბედი (მწვერვალთა დაპყრობანი”, რეჟ. დ. რონდელი,1952წ.). გარდა ამისა, მონაწილეობდა სხვა ფილმებში: ,,წარსულის საშინელებანი” (ეპიზოდური როლი, რეჟ. ვ. ბარსკი, 1925 წ.), ნათელა (,,ნათელა”რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926 წ.) მაშა (“ცოცხალი ლეში” სსრკ -გერმ. ერთობლივი ნამუშევარი, რეჟ. ფ. ოცეპი 1929 წ.), დორა (,,გარეუბნის კვარტლები”,კიევის კინოსტუდია, რეჟ. გ. გრიჩერჩერიკოვერი,1930წ), გრიჩის მეუღლე (“რკინის ბრიგადა”, რეჟ. გ. ვერნერი, 1930 წ).

„ნატო ვაჩნაძე - ქართველი ვერა ხოლოდნაია“, – ასე ამცნობდა აფიშები საზოგადოებას ნატოს კინოდაბადებას. სხვათა შორის, ივანე პერესტიანი, რომელმაც ორიოდე წლის შემდეგ გადაიღო ნატო ფილმში „ტარიელ მკლავაძის საქმე“, არ დაკმაყოფილდა მის მიერ ვარა ხოლოდნაიას მსგავსი მანერით მუშაობით და ნატოს მიზნად დაუსახა საკუთარი ხატის ძიება. ვაჩნაძე ერთხანს უარზეც იყო, ემუშავა პერესტიანთან, ამ მოთხოვნათა გამო, მაგრამ საბოლოოდ დასთანხმდა და თანდათანობით დაიწყო პროფესიონალი კინომსახიობის ოსტატობის დაუფლება. შემდეგ მონაწილეობდა ფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „ნათელა“…

1926 წ. ნატო მეორედ დაოჯახდა. ამჯერად მისი მეუღლე გახდა ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, რომელთანაც ეყოლა ორი ვაჟი ელდარი და გიორგი (აღსანიშნავია, რომ ქორწინება ნიკოლოზ შენგელაიასთან პირველი კინოოჯახი გახდა საბჭოთა კავშირში, რომელსაც მოჰყვა ანჯაფარიძე-ჭიაურელის, ორლოვა-ალექსანდროვისა და მაკაროვა-გერასიმოვის კავშირები. მოგვიანებით ნატო ვაჩნაძის უმცროსი ვაჟის, გიორგი შენგელაიას ქორწინებამ სოფიკო ჭიაურელზე მათი ოჯახი ყველაზე გავლენიანი გახადა საბჭოთა კავშირის კინოინდუსტრიაში. მისი მეორე ვაჟი, ელდარ შენგელაიაც კინორეჟისორია. უფროსი ვაჟი თენგიზ ვაჩნაძე – არქიტექტორი).

1927 წელს ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმ “გიულიზე” მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთან ფილმში – არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. სულ ცოტა ხნით ადრე შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები – “თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ, ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო” - საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. “ნათელა”, “გიული”, “ნარინჯის ველი”, “სამშობლო” ის ფილმებია, სადაც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას “ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა”.

ნატოს ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრამაც. ეს მოხდა შტეფან ცვაიგის ნოველის, „ამოკის“ გადაღების დროს. მარჯანიშვილს ნატოსთვის მიუმართავს: „იტალიელს უნდა დაგამსგავსო. შენ მშვენივრად ითამაშებ ჩემს სურათში, შენგან მსახიობს შევქმნი”. მართლაც, მარჯანიშვილის ფილმში ნატოს გმირი უკვე თავისუფალი და თამამი ქალია, არაჩვეულებრივი პლასტიკა აქვს, შესანიშნავად ატარებს სამოსს. მარჯანიშვილი მას საჭირო რჩევებს აძლევდა და გაკვეთილებსაც უტარებდა, საბოლოო ჯამში _ ამპლუა შეუცვალა. შემდგომში მარჯანიშვილმა კვლავ მიიწვია ნატო ფილმ “კრაზანაში”, ჯემას როლზე.

ნატო ვაჩნაძე საკმაოდ მომთხოვნი ადამიანი იყო და ეს თვისება, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან მიმართებაში მჟღავნდებოდა. თავის წიგნში მრავალგზის აღნიშნავს, რომ სურს არა მხოლოდ პოპულარულ მსახიობად დარჩენა, არამედ ჭეშმარიტ პროფესიონალად ჩამოყალიბება.

20-30-იანი წლების მიჯნაზე უხმო კინო თანდათან ადგილს უთმობდა ტექნიკის სიახლეს – ხმოვან კინოს. ამ ცვლილებამ, ამეტყველებულმა ეკრანმა, მუნჯი კინოს ბევრი ვარსკვლავი სამუშაოს ჩამოაშორა. კინემატოგრაფი აღარ საჭიროებდა ტიპაჟს და ასპარეზზე თეატრის აქტიორები გამოვიდნენ. როგორც ნატო ვაჩნაძე იხსენებს, თეატრალური მსახიობი მათ ხმითა და პროფესიონალიზმით ეჯიბრებოდა. კინომსახიობი კოლოსალურ შრომას საჭიროებდა, უხმო და ხმოვანი კინოს ბარიერის გადალახვა ყველამ ვერ შეძლო.

ნატო ვაჩნაძემ დროებით ტაიმ-აუტი აიღო და მოსკოვს გაემგზავრა იმ პირობით, რომ იგი იქ მხოლოდ კინემატოგრაფით დაკავდებოდა. 1932 წელს რუსეთის დედაქალაქში დიდი რეჟისორის – გრიგოლი კოზინცევის რეკომენდაციით რუსული დოკუმენტური კინოს უდიდეს ოსტატ ქალს, ესთერ შუბს დაუახლოვდა და მის გადამღებ ჯგუფში ჩაირიცხა ასისტენტ-პრაქტიკანტად. რეჟისორი იღებდა ფილმს “კომკავშირი – ელექტროფიკაციის შეფი”. მასზე მუშაობა ერთ წელიწადს გაგრძელდა. იღებდნენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით: უკრაინაში, დნეპროჰესზე, ციმბირში, ლენინგრადში, ბრიანსკის ტყეებში, სომხეთში. სამუშაო უაღრესად საინტერესო იყო. ესთერ შუბი აღნიშნავდა, რომ ამ მოულოდნელი შეხვედრით ნატო ვაჩნაძის სახით უდიდესი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ ნატო ვაჩნაძე სამშობლოსა და ეროვნულ კინოს დაუბრუნდა.

1934 წელს ნატომ მიხეილ ჭიაურელის ფილმ “უკანასკნელ მასკარადში” მიიღო მონაწილეობა. მიეხედავად იმისა, რომ ჭიაურელმა მას ვერ ანდო სიტყვიერი როლი, ვაჩნაძემ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. ამ ეტაპს მსახიობის ახალ ხარისხში მოღვაწეობა უნდა ვუწოდოთ. “უკანასკნელი ჯვაროსნები” (რეჯ. სიკო დოლიძე), მსახიობისთვის ერთ–ერთი პირველი ხმოვანი ფილმია, სადაც ნატომ ციციას როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ნატო ვაჩნაძე კვლავ მიხეილ ჭიაურელმა მიიწვევია ფილმ “არსენაში”.

საკუთარი თავისადმი უკომპრომისო ნატო მუდმივად ფიქრობდა თვითგანვითარებაზე და როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, რიგით კინემატოგრაფისტად იწყებდა მუშაობას. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსახიობის ბიოგრაფიისთვის, მაგრამ მას პროფესიის ათვისების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა. ნატო ვაჩნაძემ მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი კინოროლები შეასრულა ფილმებში “ქაჯანა”, “აკაკის აკვანი”, “მწვერვალთა დამპყრობნი”.

1935 წელს მიენიჭა რსფსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1941 წელს – საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. 1941 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის “ოქროს დაბლობი”. დაჯილდოებულია ოთხი ორდენით. ვარშავაში ერთ-ერთ ქუჩას ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქვა, სადაც მის პატივსაცემად მსახიობის ბიუსტი დადგეს.

ნატო ვაჩნაძე დაიღუპა 1953 წლის 14 ივნისს ავიაკატასტროფაში, მეუღლის სოფელთან ახლოს, მოსკოვიდან რომ მოფრინავდა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ, კირა ანდრონიკაშვილმა, საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. ნატოს ფერფლი და გადარჩენილი ხელი კი დიდუბის მიწას მიაბარეს.ნატო ვაჩნაძის (1904-1953) მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გურჯაანის სოფელ გურჯაანში (გაიხსნა 1981 წ.). მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით; მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები; აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
 
 

ასევე:

  • კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ნატო-ს შტაბბინაში გაემგზავრებიან
  • ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა
  • ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა
  • გალერეა "ტელესკოპში" კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
  • 29 მარტს ნატოს დებატების კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge