|
22-06-2010, 03:55
24-25 ივნისს თბილისში, "დიდუბე პლაზაში", გაიმართება რეგიონალური კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010".
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010" InWent-ის (კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო გერმანული ორგანიზაცია) მიერ წარმატებით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის ნაწილია და მას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო აფინანსებს.
კონფერენციაზე სხვადასხვა საკითხი განიხილება, მათ შორის: სტარტეგიული მიდგომა ელექტრონული სწავლების დანერგვისადმი, წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები, ხარისხის უზრუნველყოფის რესურსები (ტექნიკური, ადამიანური) და სხვა.
კონფერენციაზე მომხსენებლები და სტუმრები წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციებიდან: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები; პროფესიული სწავლების დაწესებულებები; ელექტრონული სწავლების საერთაშორისო ქსელების ხელმძღვანელები; კორპორატიული სასწავლო ერთეულები; ტურისტული ორგანიზაციები; გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ უნივერსიტეტებიდან და სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, რომელთაც ესაჭიროებათ ინფორმაციის მიღება სწავლების ელექტრონული ფორმის მასშტაბზე კავკასიის რეგიონში; წარმომადგენლები ამიერკავკასიის სამი ქვეყნის განათლებისა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროებიდან.
შეგახსნებთ, რომ 2008 წლიდან პილოტური ელექტრონული სასწავლო კურსები ამ პროექტის ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-ზე მეტ დაწესებულებაში დამუშავდა და დაინერგა. |
|