|
2-07-2010, 00:34
ცნობილი მუსიკოსის, ლეგენდარული "ბიტლზის" წევრის, ჯონ ლენონის რვა სოლოალბომი 2010 წლის 9 ოქტომბრისთვის ხელახლა გამოიცემა. ლენონს 9 ოქტომბერს 70 წელი უსრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ქვრივი იოკო ონო ავრცელებს.
ლენონის ცხოვრებაში გამოსული ბოლო ალბომი " duble fantasy" სპეციალური ორდისკიანი ვერსიით გამოიცემა, რომელშიც იქნება როგორც ორიგინალური, ასევე სხვა ვერსიები. იოკო ონო მიიჩნევს, რომ ყოველივე მსმენელს მისცემს საშუალებას, უკეთ მოისმინოს და შეაფასოს მისი მეუღლის ვოკალი.
ამას გარდა, ცალკე გამოცემული იქნება ლენონის სოლოჰიტების საუკეთესო ნაკრები. იუბილესთვის ასევე გამოიცემა საიუბილეო დისკი.
ყველა ხელახალი გამოცემა ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი.
ჯონ ლენონის 70 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. კერძოდ, მუსიკოსის მშობლიურ ქალაქ ლივერპულში ფართომასშტაბიანი ორთვიანი ფესტივალი გაიხსნება.
ჯონ ლენონი ნიუ-იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს, 40 წლის ასაკში მოკლეს. მკვლელი ფსიქიკურად დაავადებული, მისივე თაყვანისმცემელი მარკ ჩეპმენი იყო, რომელიც დანაშაულისთვის სასჯელს ამჟამადაც იხდის. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. |
|