ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის გზები » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის გზები ---
4-07-2010, 15:06
ნარკოტიკული დანაშაული უდიდესი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. მას არაერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფო ებრძვის, თუმცა უშედეგოდ. ნარკომანიის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ პრობლემით დაღდასმულ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ერთიორად ართულებს და არაეფექტურს ხდის.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, ნარკომანს უნდა ეკისრებოდეს თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო, წამალდამოკიდებული პირის ნება სრულიადაა პარალიზებული. ერთი შეხედვით, დასაფიქრებელია იმ ხალხთა არგუმენტაცია, რომელთაც ნარკომანი რიგითი ავადმყოფის რანგში ჰყავთ აყვანილი. თუმცა ნარკომანიის კრიმინალიზაცია მაინც მოხდა და ეს ნარკომანის ამჟამინდელმა მდგომარეობამ კი არ განაპირობა, რომელიც უკონტროლოა და აკრძალული ნივთიერებების მიღებისგან თავშეკავების უნარი არ შესწევს, არამედ იმან, რომ პასუხისმგებლობის საფუძველი კანონმდებელმა გადაიტანა იმ მომენტისთვის, როდესაც პირი ნარკომანი ჯერ კიდევ არ იყო და თავისი ქმედებისა და მისი თანმდევი შედეგების ობიექტურად შეფასება შეეძლო.

არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა იმდენი განსხვავებული სისტემა ნარკომანიასთან დასაპირისპირებლად, როგორც XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისშია წარმოდგენილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ნარკოტიკულ დანაშაულს ეხება XXXIII თავი (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ), რომელიც სსკ-ის IX კარის შემადგენელი ნაწილია. მუხლი 260: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. მუხლი 261: ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე. აღნიშნული ორი მუხლის შემადგენლობა მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს და სხვაობას მხოლოდ დანაშაულის საგანი წარმოადგენს, ამიტომ მათ ერთიანად განვიხილავთ. ნათლად ჩანს, რომ სსკ 260-ე და 261-ე მუხლებში შვიდი უკანონო ქმედება ერთ დისპოზიციაში ერთიანდება. ქვეყანაში, სადაც შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, 250 ათასამდე ნარკომომხმარებელია, უპრიანი იქნება, თუ ისეთი მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის შემადგენლობები, როგორიც წარმოება და გასაღებაა, მკვეთრად გაიმიჯნება ისეთი ნაკლებად მძიმე შემადგენლობებისგან, როგორიც შეძენა-შენახვაა. დღესდეობით მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას იყენებს ინდივიდუალურობას და გამსაღებელსა და შემძენს განსხვავებულ სანქციებს აკისრებს. უმჯობესი იქნება, მოსამართლის ნაცვლად, კანონმდებლობით განისაზღვროს ნარკოტიკული დანაშაულის თითოეული შემადგენლობისთვის შესაბამისი სანქცია. უდავოა, რომ მოქმედი სსკ 260-ე და 261-ე მუხლები არათუ დახვეწას, არამედ დაშლას საჭიროებენ.

ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება ყველა განვითარებულ ქვეყანაში ისჯება. განსხვავებით ჩვენთან არსებული რეალობისა, ევროპაში ჯარიმის ოდენობა საშუალო ხელფასს შეესაბამება. როდესაც ნარკომანების 40%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარზე მისული ოჯახებიდანაა, არსებული ჯარიმები შეშფოთების საფუძველს იძლევა, რადგან ნარკომომხმარებლების გარდა, ზარალდებიან მათი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და ა.შ.. მხოლოდ კანონის გამკაცრება და ადმინისტრაციული სახდელების შედეგად შევსებული ბიუჯეტი სასურველი შედეგის მომცემი არ იქნება.

უდავოა, რომ ძირეული ცვლილებების გატარება, კანონმდებლობის დახვეწა და მისი რეალობასთან მორგება აუცილებლობას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარკოტიკულ დანაშაულთან დღეს არსებული მიდგომით და გამოსავლის ძიებაში უმოქმედოდ დარჩენილი კანონმდებლების წყალობით, რამდენიმე წელიწადში გაცილებით საშიში და საგანგაშო ვითარების მომსწრენი გავხდებით, ვიდრე დღევანდელი რეალობაა. ყურადღება უნდა გამახვილდეს სარეაბილიტაციო ცენტრებზე, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. ქვეყნისთვის პრიორიტეტად არა ნარკომანის ბოლომდე გაწირვა, არამედ მისი რესოციალიზაცია და კვლავ ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება უნდა იქცეს.



სტუ-ის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის
სამართალმცოდნეობის IV კურსის სტუდენტი
ზაზა ხუხუნაიშვილი
 
 

ასევე:

  • ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • თამბაქოს ნაწარმის გათამაშებაში მონაწილეობა აკრძალული რჩება
  • 2015 წლამდე საქართველოში ექსპლუატაციაში 17 ახალი ჰესი შევა
  • იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია “კომპიუტერული დანაშაულის პროექტი"
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუ-ში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge