|
10-06-2013, 18:19
12 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერნცია თემაზე “ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია _ გამოსავალი თუ ჩიხი?” კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის იურიდიული სამსახური, თანაორგანიზატორი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი ჯემალ ჯანაშია.
როგორც ჯემალ ჯანშია აღნიშნავს, დღეს სიღმისეული კვლევების გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 10%-ით გაიზარდა. ე.წ შემდგარი ნარკომანების რიცხვი დაახლოებით 50 000-ს შეადგენს, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა. ეს საქართველოსთვის ძალზე დიდი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას ასაკის, სქესის, ეროვნების და სხვა პარამეტრების, მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტი ნარკოტიკებთან უკანონო შეხებაშია. მოკლედ, დღეს საქართველო ნარკომანიით უაღრესად მძიმედ დაზიანებული ქვეყნის კლასიკური ნიმუშია და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ერის კოლექტიური ინტოქსიკაციის მოწმენიც გავხდეთ.
“ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს ინტენსიურად მოიხმარენ, ავადმყოფთა კატეგორიას მიაკუთვნებენ და საჭიროა მათდამი არა მხოლოდ რეპრესიული, არამედ სამედიცინო, სოციალური, სამართლებრივი და რასაკვირველია მათი ქმედების ადეკვატური, კონტროლის კომპლექსური მექანიზმების შემუშავება. სწორედ ასეთი მიდგომაა დამკვიდრებული ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში. მაგრამ ამ სახელმწიფოებში ერთ ადამიანზე ნარკომანიის ხაზით იხარჯება შესაბამისად (ევროპაში 60 ევრო, აშშ-ი 80 დოლარი ხოლო ყველასათვის ცნობილი ჰოლანდიაში 117 ევრო). საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50 თეთრს შეადგენს” – აცხადებს იგი.
ჯანაშიას განცხადებით, დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარკომანთა მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო დაწესებულებების ქსელი. ამისათვის ქვეყანაში მხოლოდ 50-მდე საწოლი არსებობს, მსურველი კი გაცილებით მეტია. ასეთივე მდგომარეობაა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სადაც ასევე არასაკმარისია სამკურნალო ადგილების რაოდენობა.
“ნაჩქარევი, მოუმზადებელი დეკრიმინალიზაციის კლასიკური ნიმუშია რუსეთის ფედერაცია, სადაც 1992 წლის 12 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა. 6 თვეში ამას მოჰყვა ნარკომანიის 100%-იანი “აფეთქება”: მოსკოვის საშუალო სკოლების მოსწავლეთა შორის ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი დეკრიმინალიზაციამდე 6,4 პროცენტი იყო, როლი დეკრიმინალიზაციის შემდგომ რამდენიმე თვეში მან 16,5 პროცენტი შეადგინა”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ ქვეყნის მოქალაქეებს ადრეული წლებიდანვე უნდა ჰქონდეთ სწორი ორიენტირი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით მოხმარება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ამასვე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო მითითებები, რომ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ნარკოტიკებისადმი კერძოდ მარიხუანისადმი, კანაბისისადმი ლიბერალურ დამოკიდებულებას. დამერწმუნეთ სხვა შემთხვევებში ეს იქნება დიდი ნაბიჯი გადადგმული მარიხუანას,კანაბისის ლეგალიზაციისკენ.
“ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ნარკომანიის ეპიდემიისა არის ხმაურიანი მოწოდებები მოხმარების დეკრიმინალიზაციის და ზოგიერთი მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესახებ. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მრავალი სახელმწიფოს ხელისუფალი არაადეკვატურნი არიან ასეთი წამოწყებების მიმართ, რაც აშკარად ჩანს ნარკოტიკების გავრცელების მსოფლიო ისტორიის შესწავლიდან”, – აცხადებს ჯემალ ჯანაშია.
კონფერენციაში – “ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია _ გამოსავალი თუ ჩიხი?” – მონაწილეობენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; სტუ-ის სრული პროფესორი ჯემალ ჯანაშია; სამართლისა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გელა ლეჟავა; საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე; სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე თამარ სირბილაძე; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სიგნე როტბერგა; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე კახა წერეთელი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი ლევან ბარამიძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის მაგისტრატურის 1-ლი კურსის სტუდენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვიქტორია ბუნტური;
გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობენ სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თეა გოგოტიშვილი; საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე; სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი; ფსიქიკური ჯანმრთელობის ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხათუნა თოდაძე; საქართველოს პოლიტიკური პარტიის ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გივი ჭიჭინაძე; ლ. საყვარელიძის სახელობის საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე; საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი მალხაზ ბაძაღუა; ასევე, სხვა უნივერსიტეტებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. |
|