|
5-07-2010, 23:50
5 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის ინოვაციური სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (სსტც) მიერ საქართველოში წლების განმავლობაში გაწეული შრომის აღიარების მიზნით, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სსტც-ის აღმასრულებელ დირექტორს, ადრიაან ვან დერ მეერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა ვან დერ მეერს სსტც-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაში ნაყოფიერი წვლილის შეტანისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და მედალი გადასცა.
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი 15 წლის წინ შეუდგა საქმიანობას მოსკოვის შტაბ-ბინაში. მთელი ამ წლების განმავლობაში სსტც გახდა სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის დამაკავშირებელი კვანძი. სწორედ სსტც-ის დამსახურებაა 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2600 მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო პროექტის განხორციელება, აქედან 28 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 140-მდე პროექტი საქართველოში განხორციელდა. უნდა აღინიშნოს სსტც-ის მიერ გაწეული უშუალო მხარდაჭერა მეცნიერთა და ტექნიკურ სპეციალისტთათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რთული ცვლილებების პერიოდში. ფიზიკა, ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვა, ქიმია…– აი, ის მოკლე ჩამონათვალი იმ მრავალრიცხოვანი სამეცნიერო მიმართულებებისა, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება სსტც-ის პროექტების ჩარჩოებში.ცენტრი დაარსდა ევროკავშირის, აშშ-ის, იაპონიის, რუსეთის მთავრობების მიერ, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდნენ კანადა, ნორვეგია და სამხრეთ კორეა. საქართველო სსტც-ის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას შეუერთდა 1994 წელს და ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ უკვე პირველი ქართული პროექტების დაფინანსება დაიწყო. სსტც-ის რეგიონალური განყოფილებები ფუნქციონირებენ საქართველოში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა. სსტც-ის საქართველოს რეგიონული განყოფილება, რომელიც იმუნიტეტისა და შეღავათების მოცულობით უტოლდება დიპლომატიურ მისიას 2001 წელს გაიხსნა. 15 წლის განმავლობაში ცენტრი განიცდიდა მუდმივ განვითარებას, აფართოებდა თავის საქმიანობას ახალი ამოცანების უფრო ეფექტურად გადაწყვეტისთვის. მოცემულ მომენტში, სსტც კვლავ ცდილობს ინოვაციური პროექტებისათვის საწყისი ფინანსირების გამოყოფას, სთავაზობს მეცნიერებსა და ინსტიტუტებს თავის მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის, პატენტის გაფორმების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, სამეცნიერო სემინარების, მივლინების მხარდაჭერის და სხვა საკითხებში. ამ პროგრამებში ქართველი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი. თავისი მოღვაწეობის გრძელ გზაზე ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო ხასიათის კვლევებზე. სსტც-ის დამსახურებას უნდა მივაწეროთ ის, რომ დამყარებულია საერთაშორისო ურთიერთობები მეცნიერთა შორის ერთობლივი პროექტების განსახორციელებულად, მნიშვნელოვანად არის შემცირებული მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საფრთხე, რაც განსაკუთრებით აქტუალური იყო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ცენტრის მკაფიოდ გამოხატული მიმართულება თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა გლობალური დათბობა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნა, უსაფრთხო ბირთვული ტექნოლოგიების შემუშავება, ასევე თანაქმედება ბიოტექნოლოგიის ორმაგი მიმართულებით გამოყენების საწინააღმდეგოდ. მოცემულ მომენტში, მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაინერგოს ცენტრის მუშაობის მეთოდები და პრინციპები, რომელთა შედეგად, ეჭვგარეშეა, კიდევ უფრო გაიზრდება სსტც-ის რთული მუშაობის შედეგად დამსახურებულად მოპოვებული რეპუტაცია. ცენტრის გამოცდილება გამოყენებული უნდა იქნეს სსტც-ის მოქმედების გეოგრაფიული არეალის გარეთ წარმოქმნილი ახალი ამოცანების გადასაწყვეტად. პრაქტიკაში წარმატებულად ითვლება ისეთი მიდგომა, რომელიც მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ასაგებად ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების ინდივიდუალურ თავისებურებებს. სსტც-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის წინაშე მდგარი გლობალური ამოცანების გადასაწყვეტად მოხდება ცენტრის ისეთი შემდგომი ადაპტაცია, რომელიც უზრუნველყოფს სსტც-ის ადექვატურ ქმედებას მშვიდობიანი ტექნოლოგიების მეცნიერული კვლევებისათვის. ამასთან ერთად იგი იქნება გარანტი იმისა, რომ კერძო და სახელმწიფო ფინანსირება სსტც-ის მისიის შესაბამისად განხორციელდება. |
|