|
27-05-2010, 15:09
დღეს, 27 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, სტუ-ში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა 2009 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამ მიზნით საქართველოში აშშ-ის, კანადის ევროკავშირისა და უკრაინის დელეგაციები ჩამოვიდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ცენტრს შორის სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი ნაყოფიერი წვლილისთვის, უკრაინის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ჰუდი საპატიო დოქტორის დიპლომით დააჯილდოვა.
საქართველო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წევრი 1998 წელს გახდა და დღეისთვის ამ ორგანიზაციამ ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა 90-მდე პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
2006 წელს საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (GNSF) და STCU-მ ხელი მოაწერეს "განაცხადს თანამშრომლობის შესახებ", რომელმაც დასაბამი მისცა ამ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას "მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის" ფარგლებში.
2006-2008 წლებში STCU-მ და GNSF-მ ერთობლივად ჩაატარეს 3 კონკურსი. გამარჯვებულ ქართველ მეცნიერთა 26 პროექტს STCU-მ გამოუყო თითქმის 1.5 მილიონი აშშ დოლარი. დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე სწორედ 2009 წელს გამოცხადებული მე-4 კონკურსის შედეგები შეჯამდა. |
|