იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
15-07-2010, 10:03
დღეს, 15 ივლისს, იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი) 1875 წელს თბილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (მეტყევის) ოჯახში დაიბადა. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი_გურჯი (ქართველი) მაშინ შერქმევიათ. იეთიმის მამა იბრაჰიმი თბილისში დასახლებულა და ცოლად შეურთავს მუხთელი სომხის ქალი სარა გრიგორის ასული. სიმამრს იბრაჰიმი სომხურად მოუნათლავს და თავისივე სახელი-გრიგორი უწოდებია, გვარად კი - აღაჯანა. იბრაჰიმს ანუ გრიგორს როცა ვაჟი შეეძინა, სახელად იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს. მამის ფიქრით, რადგან მას არავინ ჰყავდა თავისიანი, მისი სიკვდილის შემდეგ შვილსაც აღარავინ ეყოლებოდა ნუგეშისმცემელი და ნამდვილი ობოლი გახდებოდა.

იეთიმ-გურჯი 15 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და დედა და პატარა და მისი ხელის შემყურე დარჩა. ამ დროს იეთიმი შეგირდად დაუდგა მუსიკალური საკრავების ოსტატს და მალე ჩინებულად შეისწავლა ჩონგურის, დაირის, ჭიანურის და სხვათა კეთება. მერე შინაც დაიწყო საკრავების გაკეთება. ამასთან ერთად, ახალგაზრდა იეთიმ_გურჯი თბილისის ბაღებში ყიდდა წიგნის მაღაზიებიდან გამოტანილ წიგნებს. ამგვარი შრომისგან აღებული ფილით არჩენდა ოჯახსაც და თავის თავსაც. მამის გარდაცვალების სამი წლის შემდეგ მოულოდნელი და უბედური შემთხვევის გამო დედაც დაეღუპა.

დედის სიკვდილის შემდეგ იეთიმ-გურჯი დასთან ერთად ხარფუხიდან მეტეხის ხიდის მახლობლად, მტკვრის ნაპირზე, ერთ პატარა მიწურ ოთახში გადავიდა საცხოვრებლად. იეთიმ-გურჯთან თავს იყრიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც იგი სიმღერებს ასწავლიდა.

იეთიმ-გურჯს რევოლუციონერ მუშებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, უფრო მეტიც, იგი თავადაც იღებდა მონაწილეობას რევოლუციონურ მუშაობაში. როგორც მისი და ანა წერს თავის მოგონებაში, იეთიმ-გურჯის ბინაში ხშირად დადიოდა არსენა ჯორჯიაშვილი.

ცხრაასიან წლებში იეთიმ-გურჯი მეფის ჯარში გაიწვიეს, საიდანაც ხშირად იპარებოდა და თავს აფარებდა მეპურეებს. ამ მალვის დროს მან საუკეთესოდ შეისწავლა ხაბაზობაც. ჯარიდან გამოპარული იგი რამდენჯერმე დაიჭირეს და სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ ჯარში გაგზავნეს. ჯარში ყოფნის დროს მოუსწრო რუსეთ-იაპონიის ომმა და ბრძოლაში მონაწილე იეთიმ-გურჯი ფეხში დაიჭრა.

იეთიმ-გურჯმა ლექსების წერა, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ლექსების გამოთქმა 1895 წლიდან დაიწყო. მისი ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა ქალაქში. ის თავად ქმნიდა თავისივე ლექსებზე სიმღერათა მოტივებს. ჰყავდა საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) და თავისივე ლექსებსა და სიმღერებს თვითონვე ასწავლიდა და ასრულებდა კიდეც.

იეთიმ-გურჯი ლექსებს წერდა აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი ხელნაწერი რვეულები სავსეა სომხური და აზერბაიჯანული ლექსებით, რომლებიც დაწერილია ქართული ანბანით. ჩანს, სომხურად და აზერბაიჯანულად წერა არ იცოდა.

იეთიმ-გურჯს სკოლა თვალით არ უნახავს. წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. მას კარგი ხმა ჰქონდა, დაჰყავდათ ქორწილებში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ. მოგვიანებით თვითონაც დაიწყო ლექსების წერა. ნელ-ნელა პოპულარული გახდა _ იხსენებს იოსებ გრიშაშვილი.

იეთიმ-გურჯს ბინა ავლაბარში ჰქონდა. მისი ოთახის ფანჯარაზე, რომელიც ქვაფენილს ამოჰყურებდა, გამოკრული იყო წარწერა ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად: იეთიმ-გურჯი.

1905წლის რევოლუციის პერიოდში იეთიმ-გურჯი მუშაობდა ბაქოში ნავთის სარეწაოებზე. ის იქ გამოდიოდა მუშათა კრებებზე და მოწოდების ლექსებს კითხულობდა. რევოლუციურ მუშათა ერთ-ერთ კრებაზე მან გამოიტანა საკუთარი დროშა, რომელზედაც ეწერა: “მიხარიან, არ კი მჯერა!”

1905-07 წლის რეაქციის გამარჯვების შემდეგ იეთიმ-გურჯი მეფის ჟანდარმერიის მიერ სხვა რევოლუციონერ მუშებთან ერთად გადასახლებული იქნა. ციხეში და გადასახლებაში ყოფნის დროს მან შეისწავლა მძივების კეთება, ხატვა, მზარეულობა და სხვა ხელობანი. გადასახლებაში იეთიმ-გურჯმა ხუთი წელი დაყო. 1912 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა. ამ პერიოდს, კერძოდ კი 1913 წელს, ეკუთვნის მისი შესანიშნავი ლექსი :”გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო”.

იეთიმ-გურჯის ლექსები გამოდიოდა პატარა კრებულებად. პირველად 1909 წელს გამოაქვეყნა საკმაოდ მოზრდილი პოემა “გმირი ანაბაჯის ლექსი”, რომელშიც გადმოცემულია ერთი თბილისელი ლეგენდარული მკლავის ღონით განთქმული ქალის _ანას გმირობა და თავგადასავალი. იეთიმ-გურჯის პოემის მიხედვით, იგი არაჩვეულებრივი ღონის მოჭიდავე ქალი ყოფილა და ჭიდაობაში დაუმარცხებია სხვადასხვა მხარის ცნობილი ფალავნები.

იაკობ ახუაშვილის გადმოცემით, ცნობილია, რომ იეთი-გურჯის დედა – სარა გრიგორის ასული, სოფელ მუხათიდან ყოფილა. ერთ-ერთი მუხათელი ქალის, კეკელა ბერიაშვილ-ბაჯიაშვილისას გადმოცემით, დედა-შვილი ხშირად ადიოდა მუხათში. ბოლოს იეთიმი იქ მარტო ყოფილა 1939 წლის აგვისტოში. ეს იყო უკანასკნელი ხილვა სოფლისა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ მუხათელი ყოფილა ანაბაჯიც - მისი პოემის გმირი ქალი.


“გმირი ანაბაჯის ლექსი”, როგორც სათავგადასავლო ნაწარმოები, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველი თბილისის მდაბიო მოსახლეობაში.
ეს პოემა რამდენჯერმე გამოვიდა ცალკე წიგნებად (1909წ; 1911წ. –ორჯერ, 1912; 1913; 1915; 1917; 1921; 1927 წ. - ორჯერ, 1928წ).ამის გარდა, იეთიმ-გურჯის ლექსთა კრებულები დაიბეჭდა: 1911წელს – “ახალი მგოსანი და სიმღერების” სახელწოდებით; 1913 წელს – “ იეთიმას ახალი ლექსების;” 1914 წელს_,,ტანგოს’’, 1916წ_,,დიდი ომის’’, 1917 წელს – ,,გათენდას” და 1928 წელს - “ რჩეული ლექსების” სახელწოდებით. ამ წიგნებიდან ყველაზე უფრო საყურადღებოა უკანასკნელი, 1928 წელს შალვა აფხაიძის თაოსნობით და ი. გრიშაშვილის რედაქციით გამოცემული “რჩეული ლექსების” კრებული, რომელშიც ჩანს იეთიმ-გურჯის ხალასი პოეტური ნიჭი. იეთიმ-გურჯი ზოგჯერ იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ ლიტერატურულ პრესაშიც.


ერთ-ერთ წერილში იოსებ გრიშაშვილი იხსენებს: “იეთიმმა მწერალთა კავშირის სახელზე ლექსად დაწერილი განცხადება გადმომცა: “მეყო ამდენი იეთიმობა (ობლობა), მეც თქვენს კავშირში ჩამრიცხეთო: მწერალთა ჯგუფს ნუ მაშორებთ, ვინ კი მიცნობს ახლო პირად, თქვენს დავთარში მეც ჩამრიცხეთ, როგორც ქართლის დედისშვილად, საძირკველში მეც წილი მაქვს, დამჯდომია დღენი ძვირად; კმარა ამდენი ობლობა, ნუ მატარებთ დეზერტირად”. იეთმ-გურჯი, როგორც ნიჭიერი ხალხური მგოსანი, ქართველ კულტურულ მკითხველს პირველად წარუდგინა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა თავის გამოკვლევაში “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” (სახელგამი, 1928 წ.) ავტორმა განსაკუთრებული სიყვარულითა და ოსტატობით წარმოადგინა ძველი თბილისის მდაბიო წრიდან გამოსული ხალხური მგოსან-მომღერლები: გივიშვილი, სკანდარნოვა, ჰაზირა, განჯისკარელი, იეთიმ-გურჯი, ბეჩარა და სხვა, რომელთა შორის იეთიმ-გურჯის ლექსები უფრო უშუალოა, გულწრფელი. სწორედ ამიტომ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. “ამჟამად ტფილისის დაბალ მოსახლოებაში არც ერთი პოეტის ლექსები არ არის ისე გავრცელებული, როგორც ამ თანამედროვე ბოჰემის სიმღერები”,_ წერს თავის წიგნში იოსებ გრიშაშვილი იეთიმ-გურჯის შესახებ. იეთიმ-გურჯის ლექსები იდეოლოგიურად ჯანსაღია და თანამედროვეობის აზრს არ არის მოკლებული. იგი სატრფიალო, თუ სოციალური მოტივის შემცველ ლექსებში გულწრფელად ქადაგებს ადამიანთა სიყვარულს, სიკეთესა და ჭეშმარიტებისადმი თავდადებულ სამსახურს. ყოველივე ამას იგი უბრალოდ ამბობს, მაგრამ უაღრესად გულწრფელად და სწორედ ამიტომ გჯერა მისი. “ეს გაუკეთებელი პოეტი,_წერს ი. გრიშაშვილი თავის წიგნში “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”, _გულწრფელია და ბალღური უმანკოებით ჰხაზავს თავისი ემოციების გულუბრყვილო სამყაროს, მის ლექსებში უცილობლად არის მძლავრი გულის თქმა, ქალაქური ტემპერამენტი და პოეტური ექსტაზი”, ამიტომაც არის, რომ იეთიმ-გურჯის ლექსები, განსხვავებით სხვა აშუღი მგოსნებისგან, დღემდე ინარჩუნებს თავის პოეტურ ღირსებას და უმრავლესი მათგანი დღესაც ზეპირად იცის ხალხმა.

ანდრო თევზაძე 1955 წელს თავის მიერ გამოცემული იეთიმ-გურჯის რჩეული ლექსების შესახებ წერს: “ამ აშუღი პოეტის დღემდე გამოცემული წიგნების გადაკითხვამ დაგვარწმუნა, რომ ის პატარა კრებულები, რომლებიც მხოლოდ ავტორის მიერაა შედგენილი, სათანადო კვალიფიციური რედაქტირების გარეშე, დღეისთვის ნაკლებად საინტერესონი არიან, ხოლო უკანასკნელად_1928წ. გამომცემლობა “შრომას” მიერ გამოცემული “რჩეული ლექსები” წარმოადგენს იეთიმ-გურჯის ნამდვილ პოეტურ სახეს. ამ კრებულში მოთავსებულია ოცდათოთხმეტი ლექსი. წინამდებარე კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით ჩვენ შევისწავლეთ არა მარტო იეთიმ-გურჯის სხვადასხვა დროს დაბეჭდილი წიგნები, არამედ მთელი მისი ხელნაწერთა არქივი, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში. ჩვენს გამოცემაში 1928წელს გამოცემულ 34 ლექსს დაემატა ხელნაწერებიდან შერჩეული, დღემდე დაუბეჭდავი 15 ახალი ლექსი, ხოლო ერთი ლექსი, სახელდობრ “ჩემი ნაბადი”, ხელნაწერებში არ აღმოჩნდა, იგი გადმოგვცა პოეტმა იესებ გრიშაშვილმა, რომელსაც იეთიმ-გურჯისგან ჩაუწერია, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ. ორი ლექსი “ოცი წელი” და “იეთიმ-გურჯი გილოცავთ” კი ჟურნალ “მნათობიდან” გადმოვბეჭდეთ. 1928 წლის გამოცემიდან გადმოტანილ ლექსებში ჩვენ მიერ შეტანილია ზოგიერთი შესწორება, ბევრი უსათაურო ლექსი დასათაურებულია მისივე შესაფერი სტრიქონით, უმრავლესობისთვის დადგენილია თარიღი იეთიმ-გურჯის ხელნაწერი “დავთარის” მიხედვით, რომელიც, როგორც ჩანს, ავტორს სიცოცხლის ბოლო ხანებში შეუდგენია”.

იეთიმ_გურჯი ქართველი პოეტების ყურადღებასაც იქცევდა. მისი სახელი, როგორც ძველი თბილისის აშუღი_მგოსნისა, მოხდენილად გამოიყენა პოეტმა გიორგი ლეონიძემ თავის ლექსში ,,მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო” (გ. ლეონიძე, ექსპრომტად ნათქვამ ლექსში მშვენივრად გამოხატა იეთიმ_გურჯის ბოჰემური გრიშაშვილის ,,ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”, სახელგამი, 1928წ. გვ. 156). პოეტმა გიორგი შატბერაშვილმა გამოაქვეყნა იეთიმ_გურჯისადმი მიძღვნილი ლექსი (იხ. ჟურნალი ,,დროშა,” 1954წ. #12, გვ.13).

იეთიმ-გურჯი, არც თუ ისე ხნიერი, 65 წლის ასაკში, 1940 წლის 15 ივლისს, ღვიძლის ქრონიკული დაავადებით გარდაიცვალა. მისი ლექსების პოპულარობის ერთ-ერთი უტყუარი საბუთი ისიც არის, რომ დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. იეთიმ-გურჯის ცხედარი ისნის უბნიდან სულ ხელით წაასვენეს ვაკის სასაფლაოზე. მრავალრიცხოვან პროცესიას მიაცილებდა აღმოსავლური საკრავების ანსამბლი. იეთიმ-გურჯს შეუსრულეს თავისივე სიტყვები _ “ზედ კუბოზე დამაფარეთ ჩემი შავი ნაბადია”_ და კუბოს ზევიდან მართლაც ეფარა მისი ნაბადი. როცა სასაფლაოზე მიიტანეს ცხედარი, მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო და სავსე მთვარე ანათებდა. სამარის პირას დასვენებულ იეთიმ-გურჯს გარს ეხვივნენ პატივისმცემლები და მედუდუკეთა დასტები. რიგრიგობით ასრულებდნე იეთიმ-გურჯის მელოდიებს და ზედ გულისდამწველად დამღეროდნენ მისივე ლექსებს. მიუხედავად კარგა ხნის დაღამებისა, არც ერთი კაცი არ აჩქარებულა, ყველა ხმაგაკმედილი ისმენდა მის პოეტურ სიტყვებს და კიდევ უფრო მეტად სწყდებოდათ გული ნიჭიერი ხალხური მგოსნის სიკვდილის გამო (ა. თევზაძე, www.leqsimania.ucoz.com).

იეთიმ გურჯი 1940 წლის 15 ივლისს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
 
 

ასევე:

  • მიუნხენში დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი გამოიცა
  • ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა
  • პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • ტარიელ ჭანტურია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge