დღეს ილიაობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ილიაობაა კულტურა, სპორტი
2-08-2010, 13:01
დღეს ილიაობაა – წმინდა ელია თესბიტელისა (ელია წინასწარმეტყველის) და წმინდა ილია მართლის ხსნების დღე. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

ილია თეზბიტელი მაშინ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, როცა ისრაელის ერმა ჭეშმარიტი ღმერთი მიივიწყა. ხალხი განუდგა მას - კერპის თაყვანისცემა დაიწყო. წმინდანი ამხელდა განდგომილებას და ყველას არწმუნებდა, რომ ჭეშმარიტი შემოქმედი მხოლოდ ის არის, ვისაც მუდამ ეთაყვანებოდა ებრაელობა. სასწაულთმოქმედი იყო: მან ღვთისგან ცეცხლი გამოითხოვა და სწორედ იმ ცეცხლით დაწვა საკურთხეველზე მსხვერპლი".

ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წმინდა წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ელიას ხალენი სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდრეშია დაფლული.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 27 ოქტომბერს (8 ნოემბერს) კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში დაიბადა. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ილიას მშობლები თავადები იყვნენ. გრიგოლ ჭავჭავაძესა და მარიამ ბებურიშვილს თანამედროვეები განათლებულ ადამიანებად ახასიათებენ. ილიას პატარობაშივე გარდეცვალა ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც წარმატებით დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად რუსეთს მიაშურა.

ილია პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, 1861 წელს, დატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის იმპერიას უკვე დიდი ხანია გაეუქმებინა მეფობა, აღარც ეკლესია იყო დამოუკიდებელი, წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებში კი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა. ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ილიას მოთავეობით საფუძველი ჩაეყარა იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელითაა ცნობილი.

ილიამ და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, “საქართველოს მოამბე“. მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეკლათ ქართული სიტყვა, ქართული სული, ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად მიიჩნევდნენ. ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.

მე-19 საუკუნის 60-ინ წლებში საქართველოში არ ყოფილა თითქმის არც ერთი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეროვნული, ლიტერატურული წამოწყება, ილიას რომ აქტიური მონაწილეობა არ მიეღოს, მეტიც: მისი სულისჩამდგმელი არ ყოფილიყოს. 1905 წელს იგი გამოვიდა საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი. აპრილში იგი სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია, საღამოსვე დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო, რომ უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა. მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი უზრუნველყო, მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.

30 აგვისტოს, ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, ილია და მისი მეუღლე ეტლით საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მისულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ განაწყენებულს უბრძანებია, თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15-20 წუთის შემდეგ ილიას მოკლავდნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხუცმა ბერბიჭაშვილმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ ილიას მკვლელობაში მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. “ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწერა?” – წერდა აკაკი წერეთელი. დაკრძალვაზე აკაკიმ, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”; ვაჟა-ფშაველა წერდა: “ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ“.

ათ დღეს, 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ერმა ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალა.

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა.
 
 

ასევე:

  • დღეს ილიაობაა
  • ილიას მკვლელობიდან 103 წელი შესრულდა
  • დღეს წიგნის - "თანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა)" პრეზენტაცია გაიმართება
  • საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 172-ე წლისთავი აღინიშნება
  • პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge