|
2-08-2011, 03:27
დღეს, 2 აგვისტოს, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ამის შესახებ საქართველოს საპტრიარქოში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე, ხოლო 20:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი წმიდა სამების ტაძრის ზემოთ მდებარე წმიდა ელიას მთაზე, სადაც მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.
წინასწარმეტყველი ილია (ელია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია ლევიტელთა ტომიდან, რომელიც ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. ზედწოდება თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეკლესიის სწავლებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ეკლესიამ ილია მართლის ხსენების დღედაც 2 აგვისტო დააწესა. დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ილია ჭავჭავაძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. |
|