ილიას მკვლელობიდან 103 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ილიას მკვლელობიდან 103 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
12-09-2010, 01:31
დღეს, 12 სექტემბერს (ძვ. სტ. 30 აგვისტოს), ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 103 წელი შესრულდა. 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

13:00 საათზე, წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან, მწერლის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გაიმართება. ამის შემდეგ მოწვეული საზოგადოება, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები საგურამოს სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებენ, სადაც საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაიხსენონ ამ ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა.
აქვე გაიმართება ზვიად კვარაცხელიას წიგნის "ილია სამეგრელოში" და იონა მეუნარგიას - "თხზულებათა მრავალტომეულის I ტომის" პრეზენტაცია.

გარდა ამისა, საპატიო წოდება "ილიას საგურამოს მუზეუმის მეგობარი" მიენიჭებათ ბიზნესმენთა წრის წარმომადგენლებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით აღნიშნული მუზეუმის სხვადასხვა სახით დახმარებაში.
საღამოს დაამშვენებს ანსამბლების : "ქართული ხმებისა" და "ერისიონის" სოლისტების შემოქმედება. ღონისძიებას დაესწრებიან ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საბჭოთა იდეოლოგია ილიას მკვლელობას წლების განმავლობაში რუსეთის იმპერატორს აბრალებდა და ყველანაირად ცდილობდა, ბოლშევიკების უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოსაძიებლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კომისიაც შექმნეს.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკვე მოხუცმა გიგლა ბერბიჭაშვილმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ვანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი. მკვლელობის ორგანიზატორი იყო მოურავი დიმიტრი ჯაში.

ხელისუფლებამ ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დამნაშავენი, გიგლა ბერბიჭაშვილის და ივანე ინაშვილის გარდა, დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა.

მთავარი მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგები პენსია მეკუთვნისო. 1940 წ. ბერბიჭაშვილი დაიჭირეს და 1941 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა.

ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში, გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

1848 წელს ილია რაევსკის კერძო პანსიონში მიაბარეს. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა "მოთქმა საწყლისა".

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოვიდა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტში და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადავიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: "მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა..."

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა "პირველი დასი".

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - "თერგდალეულთა" ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. 1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში.

ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
 
 

ასევე:

  • დღეს ილიაობაა
  • დღეს წიგნის - "თანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა)" პრეზენტაცია გაიმართება
  • საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 172-ე წლისთავი აღინიშნება
  • 24 დეკემბერს ილია კილაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • დღეს ილიაობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge