|
13-08-2010, 17:57
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოწირულობებით მიმდინარეობს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მცხოვრებლები მონაწილეობენ. ადგილობრივებმა დოდო გარეჯელის მიერ აგებული VI საუკუნის ღვთისმშობლის შობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი გაწმინდეს. ეკლესია 3-4 მეტრზე მიწით იყო ამოვსებული.
როგორც ეკლესიის წინამძღვარმა მამა სერაფიონმა განაცხადა, ტაძარში უმნიშვნელოდაა შემორჩენილი ფრესკები და მათ სერიოზული დამუშავება სჭირდება. რეაბილიტაციის დროს გაიწმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარიც, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე მონასტრის მამებმა ააგეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დოდო გარეჯელის მონასტრამდე მისასვლელ გზასაც და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო. |
|