|
14-09-2010, 22:40
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ის საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს.
სხვიტორში პოეტის რამდენიმე ეკლესიური ნაწარმოების გამოცემასაც ფიქრობენ, რომელიც აკადამიურ წრეებში საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობა აკაკის საეკლესიო ცხოვრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული ნაწარმოებები საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება.
ცნობისათვის, წმინდა სინოდმა თავის დროზე წმინდანებად შემდეგი საზოგადო მოღვაწეები შერაცხა: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და დიმიტრი ყიფიანი.
კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში “წმინდანად" გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ.
დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი როსტომის ძე წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს სოფელ სხვიტორში (ახლანდელი საჩხერის რაიონი), ზემო იმერეთის შეძლებული თავადის, როსტომ წერეთლის ოჯახში დაიბადა. დედა _ ეკატერინე აბაშიძე _ იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. აკაკიმ ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
აკაკი წერეთელი 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სტუდენტობის წლებშივე ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის პროგრესული აზროვნება, რომელიც მის პირველსავე ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებში გამოვლინდა. პოლემიკური ხასიათის "ახირებული ფურცელი" (ჟურნ. "ცისკარი", 1862, N 5) "მამათა" კონსერვატორული ბანაკის წინააღმდეგ იყო მიმართული (საქართველოს ისტორიაში ეს დაპირისპირება "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის" სახელით არის ცნობილი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის საპროგრამო წერილს “რამოდენიმე სიტყვა "ჩანგურის" შესახებ" (ჟურნ. "ცისკარი", 1865, N 9), რომელშიც ავტორი მკაცრად გმობდა "წმინდა ხელოვნების" პრინციპებს, სახავდა ქართულ დემოკრატიულ მწერლობის მიზნებსა და ამოცანებს, მოითხოვდა ობიექტური სინამდვილის, ქართულ საზოგადოებრივ-ეროვნული ცხოვრების საჭირბოროტო მოვლენების რეალისტურ ასახვას. ეს მოწინავე თვალსაზრისი შემდგომში მკაფიოდ გამოვლინდა პოეტის ლექსებშიც _ "პოეტი" (1886), "ჩანგური" (1871) და სხვ..
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლექსმა, "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებულის" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძონებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთელი ავტორია არაერთი შესანიშნავი სატრფიალო ლექსისა, რომლებმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა: "ალექსანდრა" (1860), "ციცინათელა" (1869), "მუხამბაზი", "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები"... (1876), "ქებათა ქება" (1882) და სხვა. მისი პოეტური შთაგონების უმთავრეს მასაზრდოებელ წყაროს უფლებააყრილი სამშობლოს ბედ-იღბალი, მისი აწმყო, წარსული თუ მომავალი, ქართველი ერის ყოფა და მისი მდიდარი სულიერი სამყარო წარმოადგენდა (ლექსები "მუშური" (1861), "სიმღერა მკის დროს", "გლეხის აღსარება" (ორივე 1863), "იმერული ნანინა" (1864), "ჩემო თავო, ბედი არ გიწერია" (1871), "მუხამბაზი" _ "ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე..." (1872), "გოგია მეჩანგურე" (1875), "აღმართ-აღმართ" (1876), "ავადმყოფი" (1880), "გაზაფხული" (1881), "ხანჯალს" (1882), "ამირანი" (1883), "ჭაღარა" (1886),"მუშის ნატვრა"(1890), "ღამის მეხრე", "სატრფოს", "განთიადი" (სამივე 1892), "სულიკო" (1895), "მწყემსის სიმღერა" (1897), "თქვენი ჭირიმე" (1905), "მომაკვდავის ფიქრები" (1911) და სხვა). ქართველი ერის მიძინებული ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდი როლი შეასრულა აკაკი წერეთლის ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა _ "ბაგრატ დიდი" (1875), "თორნიკე ერისთავი"(1883), "თამარ ცბიერი" (1885), "კიკოლას ნაამბობი" (1889), "პატარა კახი"(1890), "ნათელა" (1897), შესანიშნავმა რომანმა _ "ბაში-აჩუკი" (1895-1896), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული.
თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერის, “სულიკოს” სიუჟეტი, სპეციალისტთა განმარტებით, ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი - ღვთიური ციფრია) _ ღმერთის სამ ჰიპოსტასს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეშმაკის და ბოროტი ძალების პროტოტიპი აქ არის ეკალი. ეს სიმღერა ბევრ უცხოელს არა მხოლოდ მელოდიურობით, არამედ მათთვის ცნობილი შინაარსით ხიბლავს.
უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა პოემას "გამზრდელი" (1898), რომელშიც ზნეობის პრობლემებია წამოჭრილი; ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში "ჩემი თავგადასავალი" (1894-1908) აისახა აკაკი წერეთლის თანამედროვე ეპოქის მრავალი საგულისხმო ფაქტი და მოვლენა.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად.
საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 1915 წლის 8 თებერვალს, 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. |
|