|
16-10-2009, 11:28
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფიზიკის დარგში მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" ეძღვნება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თემას და მომავალ კოლაიდერებს LHC ( დიდი ადრონული კოლაიდერი).
XX საუკუნე წარმატებული იყო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისთვის. ამ პერიოდში შეიქმნა მთელი თეორიები, რომლებიც გაერთიანდა სტანდარტული მოდელის სახელწოდებით. ისინი აღწერდნენ უმრავლეს დაკვირვებულ მოვლენასა და პროცესს. ამ საკითხების შესწავლა მოითხოვდა გაცილებით მაღალი ენერგიების (არსებულთან შედარებით) ამაჩქარებლების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN, ჟენევა), დაგეგმილ იქნა პროტონ-პროტონული კოლაიდერის შექმნა, რეკორდულ 14 ტევ ენერგიაზე.
კოლაიდერის მუშაობა 2005 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და მისი გაშვება 2008 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დაიგეგმა. გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ამაჩქარებლის რგოლის ერთ-ერთი სექცია მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გამოიწვია მისი საბოლოო გაშვების კიდევ ერთი წლით გადადება. დღესდღეობით კოლაიდერის გაშვება დაგეგმილია 2009 წლის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის.
1994 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ჯგუფი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მიღებულ იქნა საერთაშორისო კოლაბორაცია "ატლასის" წევრად. 2001 წლიდან კი, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საქართველოში ტარდება კონფერენცია სახელწოდებით: "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე". რიგით მეხუთე კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.
კონფერენციის მომხსენებლები ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად ხელს უწყობენ ფიზიკის მოცემული დარგის პოპულარიზაციას ამ მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის.
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ პეტერ იენი (ცერნი, შვეიცარია) - ექსპერიმენტ ატლასის ხელმძღვანელი მისი ჩამოყალიბების პირველი დღიდან, ლინ ევანსი (შვეიცარია) - აღნიშნული კოლაიდერის შემქმნელი და ხელმძღვანელი, ტადეუშ კურტიკა - ცერნის გენერალური დირექტორის მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, დარიო ბარბერისი - ატლასის კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ანა ჰენრიკე კორრეა - ადრონული კალორიმეტრის დეპარტამენტის უფროსი, და სხვები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ფიზიკოსები: ვახტანგ ქართველიშვილი (ინგლისი), ვახტანგ გოგოხია (უნგრეთი), თემურ ლომთაძე და გივი სეხნიაიძე (იტალია), ალექსანდრე მაჭავარიანი (დუბნა), ირაკლი მინაშვილი (შვეიცარია), გიორგი არაბიძე (საბერძნეთი). |
|