ქართველ მეცნიერს, პროფესორ ზურაბ მგელაძეს, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ 2010 წლის 14 აპრილის #218 გადაწყვეტილებით, “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” საპატიო წოდება მიანიჭა და საპატიო ნიშანი გადასცა. ზურაბ მგელაძე არის მინერალური რესურსების საერთაშორისო, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი, საერთაშორისო გეოთერმული, მსოფლიოს “მათემატიკური გეოლოგიის”, ამერიკის მენავთობე გეოლოგთა ასოციაციების წევრი, საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
“მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” საპატიო წოდება ენიჭებათ გამოჩენილ მოღვაწეებს, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც თავიანთი შრომით წვლილი შეიტანეს კაცობრიობის პროგრესის საქმეში, აგრეთვე მეცენატებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. აღნიშნული საპატიო წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებს, როგორებიც არიან: პოეტი ბელა ახმადულინა, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვ. სადოვნიჩი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი ი. აფნასიევი, აკადემიკოსები დ. ლიხაჩოვი, ი. აფანასევი, ვ. ხაინი, ს. გრიგორიანი, მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ბ. გრომოვი, მხატვარი ბ. მესერერი და სხვები. საპატიო წოდება მიენიჭათ, აგრეთვე აშშ-ის, გერმანიის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.
ზურაბ მგელაძემ 1952 წელს დაამთავრა თბილისის 1-ლი საშუალო სკოლა, 1957 წელს _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით; შრომითი საქმიანობა დაიწყო 1958 წელს, „საქნავთობის“ სისტემაში, კოლექტორის თანამდებობაზე ჭალადიდის, შემდეგ კახეთში, საცხენისისა და პატარძეულის ნავთობის საბადოებზე გეოლოგად; 1960-63 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და ბურღვის“ კათედრის ასპირანტი იყო, 1963 წლიდან 1987 წლამდე _ ამავე კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1987-91 წლებში _ ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის გამგე; 1991-92 წლებში _ გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, 1992-იდან 1997 წლამდე _ სამთო-გეოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; 1997-იდან 2005-მდე _ სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 2005 წლიდან დღემდე ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის პროფესორია. 1964 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს _ “ნავთობის და გაზის გეოლოგია და გეოქიმია”, “ნავთობის და გაზის დაგროვებების ძებნა-ძიების თეორიული საფუძვლები და მეთოდები”, “მსოფლიოს ნავთობგაზშემცველი პროვინციები და ოლქები” და “ნავთობგაზშემცველი ფორმაციები”. “ნავთობისა და გაზის გეოლოგიაში“ ლექციებს კითხულობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებთანაც.
1996-97 წლებში ზურაბ მგელაძე შეთავსებით მუშაობდა “საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციაში“ (GIOC) ვიცე-პრეზიდენტად, ქართულ-თურქული ერთობლივი შპს “გეოტექსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ; 1997-1999 წლებში ზურაბ მგელაძე ეროვნული კომპანია “საქნავთობის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო; 1999-2000 წლებში შეთავსებით მუშაობდა “საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს“ (სნგრმსს) უფროსის მოადგილედ სამეცნიერო-ტექნიკურ დარგში; 2000-2006 წლებში, იყო “ანადარკო-ჯორჯიან კომპანის“ მთავარი მრჩეველი გეოლოგიისა და ძიების დარგში; 2006 წელს - შპს “ოქროს საწმისის” დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი; 2007 წლიდან ზურაბ მგელაძე შეთავსებით მუშაობდა შპს “სტრეიტ ოილ ენდ გესში” კომპანიის მთავარ მრჩევლად გეოლოგიის, ძიებისა და დამუშავების დარგში.
ზურაბ მგელაძემ 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. თბილისში, 1992 წელს სადოქტორო დისერტაცია – ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. ამავე წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება.
ზურაბ მგელაძე აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკის ნავთობისა და გაზის მრეწველობის აღორძინების და განვითარების საქმეში. იყო კომპანია “საქნავთობის” ნავთობის და გაზის მოპოვების სამმართველოს კონსულტანტი, კომპანია “საქნავთობის” დამფუძნებელთა კავშირის წევრი, კომპანია “რამკოს” დამფუძნებელთა საბჭოს მრჩეველი, კომპანია “ფრონტერას” კონსულტანტი.
ზურაბ მგელაძის რეკომენდაციებს კომპანია “საქნავთობი” წარმოებაში იყენებს. მისი სადოქტორო დისერტაცია კომპანია “კონაკომ” თარგმნა ინგლისურ ენაზე, ხოლო საქართველოს ნავთობგაზიანობის დარაიონების რუკა და ახსნა-განმარტებითი ბარათი – ამერიკულმა კომპანია “ანადარკომ“.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის საქართველოს ნავთობისა და გაზის პერსპექტიულობის კომპიუტერული მოდელირებისა და მონიტორინგის პროექტის დროებითმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელიც ზურაბ მგელაძეა, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების კვლევითი მასალის სისტემური ანალიზის საფუძველზე მოამზადა კონცეფციის ანალიტიკური დასაბუთება და თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რესპუბლიკაში ძებნა-ძიებითი, დამუშავებისა და საექსპლუატაციო სამუშაოს ჩატარების რეკომენდაციები დასახა.
ზურაბ მგელაძე მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნავთობის მრეწველობის მეცნიერებთან ერთად ჩართული იყო სასწავლო-სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხების შემუშავება-გადაწყვეტაში. ახლო კავშირი აქვს რუსეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ბაშკირეთისა და სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებთან, აზერბაიჯანისა და სომხეთის, როგორც ნავთობის, ასევე გეოლოგიურ სამეცნიერო საზოგადოებასთან, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის ი. მ. გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, რომლებთან ერთადაც არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მეცნიერული კონტაქტები აქვს ჩიკაგოს, ატლანტისა და ოკლახომას (აშშ), თურქეთის ათათურქის სახელობის ერზერუმის უნივერსიტეტთან, რუმინეთის ქ. პეტროსანის უნივერსიტეტთან.
კომპანია “შევრონმა“ 1997 წლის ივლისში ზურაბ მგელაძე აშშ-ის სამთო მრეწველობის მიღწევების გასაცნობად მიიწვია. 1999 წელს სნგრმსს-ისა და 2000 წელს კომპანია “ანადარკოს“ მიერ მივლინებული იყო აშშ-ში, მიიღო მონაწილეობა ოკლახომის, ტეხასის შტატების და მექსიკის ყურის ნავთობგაზშემცველი უბნების ზოგიერთი გეოლოგიური საძიებო საკითხების გაცნობასა და გადაწყვეტაში. 2000 წელს USAID -ის ეგიდით აშშ-ში გავლილი აქვს ტრენინგების კურსი საერთო მენეჯმენტში, იურიდიულ, საფინანსო-ეკონომიკურ, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, გადამუშავების, გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და ჭაბურღილების ინსპექტირების საკითხებში.
ზურაბ მგელაძე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 4 მონოგრაფიისა და 4 გამოგონების. მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. პროფესორი ზურაბ მგელაძე აღიარებული სპეციალისტია ნავთობისა და გაზის გეოლოგიაში. კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს მეზოკაინოზოური ნალექების ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის კვლევა, საქართველოს დანალექ საფარში ნახშირწყალბადების წარმოშობის, მათი დაგროვების კანონზომიერებათა შესწავლა. რიგი რაიონების სტრატიგრაფიის, ზედაპირული და სიღრმული ტექტონიკური აგებულების გაშუქება და დაზუსტება. პროფესორმა ზურაბ მგელაძემ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყო ლოკალური და რეგიონული ნავთობგაზშემცველი კომპლექსები, თანაავტორებთან ერთად შეადგინა “საქართველოს ტერიტორიის ნავთობისა და გაზის საბადოების პერსპექტიული სტრუქტურებისა და ნავთობგაზგეოლოგიური დარაიონების რუკა” და ახსნაგანმარტებითი ბარათი.
ზურაბ მგელაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ჟურნალის “საქართველოს ნავთობი და გაზი” სამეცნიერო საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ზურაბ მგელაძე დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით (1978 წ.), რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო ნიშნითა და აკადემიის საიუბილეო ვერცხლის მედლით (2003 წ), გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლითა (2008 წ) და ბოლოს რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” საპატიო წოდებითა და ნიშნით (2010 წ).