საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სამართლებრივი განათლების საერთაშორისო ცენტრის (CILS), ლონდონის სამეფო კოლეჯის, გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (CIS), სუფფოლკის უნივერსიტეტის (აშშ) და პეპერდინის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ინგლისურენოვან პროექტში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესები. აღნიშნული პროცესები 22-24 ოქტომბერს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პეპერდინის უნივერსიტეტში გაიმართა.
სტუ-ის გუნდი წარმოდგნილი იყო შემდეგი შემადგენლობით: კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე, დავით ჩიტაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი და გვანცა მეუნარგია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი საინვესტიციო სამართლის პრობლემატურ საკითხებს და ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი. სტუ-ის გუნდი მოხვდა საუკეთესო მონაწილეთაAშორის. გუნდის ერთ-ერთი წევრი დავით ჩიტაიშვილი დასახელდა პროექტის საუკეთესო ორატორად.
კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს წამყვანი 35 უნივერსიტეტი.
პროექტში ჩართულია საინვესტიციო დავების გადამწყვეტი საერთაშორისო ცენტრი (International Center for Settlement investment Disputes – ICSID), რომლის მოქმედი არბიტრებიც აქტიურად მონაწილეობენ განხილვასა და იმიტირებულ პროცესებში. აღნიშნული იმიტირებული პროცესებიც საინვესტიციო დავების გადამწყვეტი საერთაშორისო ცენტრში საქმის წარმოების იმიტაციაა; აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ყველაზე უფრო გავრცელებულ და ავტორიტეტულ ორგანოს, რომელიც იხილავს ინვესტორთა სარჩელებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
აღნიშნულ პროექტში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. პირველ ეტაპზე სტუ-ის სმართლის კლინიკის გუნდს გამოეგზავნა სამუშაო საქმე, რაზედაც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაგზავნილ წერილობით მასალაში ნაჩვენები იქნა პრობლემის გადაწყვეტის ვერსია, რომელიც დასაბუთებული იყო სხვადასხვა სქოლარების ნაშრომებითა და საარბიტრაჟო თუ სასამართლო პრაქტიკით. ჩვენ მიერ გაგზავნილი მემორიალი და საპასუხო მემორიალი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ორგანიზატორებისთვის, რის საფუძველზედაც უნივერსიტეტმა პროექტში მონაწილეობის ოფიციალური უფლება მიიღო.
პროექტში მონაწილეობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდება მეცნიერული კვლევებისა და სამრთლებრივი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნის მონაწილე და თავადაც შეიტანს წვლილს საინვესტიციო სამართლის განვითარებაში. ამ მიმართულებით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა საინვესტიციო სამართლის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა პროექტის ორგანიზატორთა დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო სამართლის დარგის განვითარებას ქვეყანაში და სტუ-ის სამართლის სკოლის ბაზაზე; ასევე, ამ დარგის სპეციალისტთა მოწვევა საქართველოში და მათი გამოცდილების სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტებისთვის გაზიარება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურმა ფაკულტეტმა დააფინანსა.