|
25-11-2010, 01:46
დღეიდან, 25 ნოემბრიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, 25 ნოემბრიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება "საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ".
ქაშიბაძის განმარტებით, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს ხანებში დაიწყება და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების შეცვლას ითვალისწინებს.
თბილისის ფიქსირებული (ე. წ. ქალაქის) სატელეფონო ქსელში არსებულ სააბონენტო ნომერზე ერთი ციფრის დამატებით შემოღებული იქნება შვიდნიშნა სააბონენტო ნუმერაცია.
იმავე წესით საქართველოს ყველა სხვა ქალაქში (თბილისის გარდა), ფიქსირებულ სატელეფონო ქსელებში შემოღებული იქნება ექვსნიშნა სააბონენტო ნუმერაცია.
მობილურ ქსელის ოპერატორი კომპანიების ორნიშნა კოდებს დაემატება ერთი ციფრი "5" (მაგ.: მაგთი - 899-ის ნაცვლად - 599; ბალი - 898-ის ნაცვლად - 598; ჯეოსელი - 877-ის ნაცვლად - 577; ლაი-ლაი - 893-ის ნაცვლად - 593; ბილაინი - 897-ის ნაცვლად - 597; და ა.შ.). იმავე წესით, სააბონენტო ნომერი უცვლელად ექვსნიშნა დარჩება.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურებისთვის შემოღებული იქნება ერთიანი სამნიშნა ნომრები:
ფიქსირებულ ადგილობრივ სატელეფონო ქსელების საინფორმაციო სამსახური - 110, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი - 111, გადაუდებელი დახმარების ევრონომერი - 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი - 113, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი - 114, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი - 122, დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი - 125 და სხვა.
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებზე გასვლის შემდეგ პრეფიქსი - 8 შეიცვლება 0-ით საქალაქთაშორისო და 00-ით საერთაშორისო პრეფიქსებით.
ამავე დროს, ნებისმიერი ქსელის აბონენტს საშუალება ექნება ისარგებლოს ყოველ გამოძახებაზე მისთვის სასურველი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საოპერატორო კომპანიის მომსახურებით.
"საქართველოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, არსებული ნუმერაციის დეფიციტის აღმოფხვრას, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფას, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მომსახურების მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას, სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის ინფორმაცით, საქართველოს კანონის "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მოთხოვნის შესაბამისად ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა და რომ ნუმერაციის სისტემის რეფორმის სამუშაოთა განხორციელებაში საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებს ხარჯები არ ეკისრებათ და ქალაქების გეოგრაფიული კოდების და სააბონენტო ნომრების ცვლილებებთან დაკავშირებით მათ მიერ გასაწევი მოსალოდნელი ირიბი ხარჯები შესაძლებელია შესდგებოდეს ორგანიზაციის რეკლამის, ბლანკებისა და თანამშრომელთა სავიზიტო ბარათების დაბეჭვდის, საუწყებო მინი სატელეფონო სადგურების პროგრამულ უზრუნველყოფაში შესატანი კორექციის და ა. შ. ხარჯებისგან. ghn.ge |
|