|
8-12-2010, 15:38
საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთმევათ . ამის შესახებ ცნობილი განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში გამართული შეხვედრის დროს გახდა, სადაც დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო.
შაშკინის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტები არამომგებიანი იურიდიული პირები გახდებიან და ამ გზით მათ გაცილებით ფართო ავტონომიური უფლებები მიენიჭებათ. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ განმარტა, ახალი სტატუსის შესაბამად, უნივერსიტეტები კერძო სამართლის იურიდიული პირები გახდებიან და ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად მეტი საშუალება ექნებათ.
"ცვლილება უნივერსიტეტებს ძალიან დიდ დამოუკიდებლობას მიანიჭებს. მათ განვითარებისთვის მეტი თანხის მოზიდვა თავად შეეძლებათ. შექმნიან სპეციალურ ფონდებს და თანხებს ამა თუ იმ საჭიროების მიხედვით დახარჯავენ. თუმცა ეს ცვლილება არ გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან არ დაფინანსდებიან. პირიქით, მათ საკუთრებაში გადაეცემათ შენობა-ნაგებობები და სხვა სასწავლებლებს კონკურენციას ექსკლუზიური პროგრამებითა და გამართული ინფრასტრუქტურებით გაუწევენ", _ განაცხადა კერესელიძემ. მისი თქმით, ცვლილების პროექტი სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა მუშავდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი გახდება. ipn.ge |
|