|
29-12-2010, 22:08
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე რუსთაველის სახელობის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჯილდო პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს ქუთაისში ბალანჩივაძეების სახელობის " Music Hall "-ის გახსნაზე გადასცა.
"წლების განმავლობაში ვუსმენდი საქართველოს პატრიარქის ნაწარმოებებს, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ავტორი მისი უწმინდესობა იყო. ყოველთვის მეგონა, რომ ეს მსოფლიოს რომელიმე კლასიკოსი კომპოზიტორის შემოქმედება იყო. მინდა გავიხსენოთ ყველამ 1977 წელი, როდესაც მისი უწმინდესობა ჩაუდგა სათავეში ჩვენს ეკლესიას. ეს იყო წლები, როცა პარტიული ნომერკლატურის შვილების ნაწილი მხოლოდ რუსულ სკოლებში დადიოდნენ, როცა წახალისებული იყო ყველაფერ ქართულზე უარის თქმა და ხდებოდა ჩვენი იდენტურობის შევიწროვება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ პერიოდში ეკლესიას ჩაუდგა სათავეში ადამიანი, რომელსაც წესით არ უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი შემოებრუნებინა.
"მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს ცნობილმა ადამიანებმა დაიწყეს ეკლესიაში სიარული და სიონის საკათედრო ტაძრიდან, სხვა ქართული ეკლესიებიდან საოცარი ამბები მოჰქონდათ, სადაც თანდათან განახლდა სულიერი ცხოვრება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად, იმისა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რის გამოც ქვეყანა აგრძერლებს განვითარებას არის ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა, განსხვავებით სხვა საბჭოთა ქვეყნებისგან ძლიერი იდენტურობა, რომელიც მას იმპერიული კულტურისგან და მემკვიდრეობისგან განასხვავებს.
"ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, მაინც დადგეს ფეხზე, გაწიოს წინააღმდეგობა და აჩვენოს ალტერნატიული განვითარების მაგალითი, თუ რას ნიშნავს, იყო შინაგანად თავისუფალი, წელში გამართული სრულფასოვანი ერი. ამ ყველაფრის იდენტურობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი ეკლესია, მაგრამ ის ვერ იქნებოდა, თუ არა მისი წინამძღოლი", - დასძინა სააკაშვილმა.
პირველ ღონისძიება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მიერ შექმნილი ნაწარმოებებით გაიხსნა.
ქუთაისის "Music Hal"-ის რესტავრაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სამუშაო 4 მილიონ 88 ათასი ლარი დაჯდა. ghn.ge |
|