|
1-02-2011, 14:39
დღეს, 1-ელ თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ, მამია ფხაკაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანადგომით, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, თვეში ერთხელ ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ. პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან სასამართლო სისტემას, მოხდება მათი სრული ინფორმირება მოქმედ კანონმდებლობასა და მათთვის საინტერესო სამათლებრივ საკითხებზე. მომავალ იურისტებს საშუალება მიეცემათ, კვირაში ერთხელ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს დაესწრონ.
პროექტის დასრულების შემდეგ ჩატარდება სტუდენტური ოლიამპიადა და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეა. მასში დაახლოებით 50 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. პროექტი მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებს. პროექტის უმთავრეს მიზანს სტუდენტთა სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვა და საბოლოოდ კანონმორჩილი საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ხელმოწერის ცერემონია თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. |
|