|
5-04-2011, 21:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 36 სტაჟირებაგავლილ პრაქტიკანტს სერტიფიკატები გადაეცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2010 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2011 წლის 1-ელ აპრილამდე სასწავლო პრაქტიკა სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.
სტაჟიორების ნაწილი პრაქტიკას გადიოდა როგორც სამინისტროს ადმინისტრაციის აპარატში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებში. სტუდენტთა ნაწილმა გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღო. ხოლო ნაწილმა პრაქტიკა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის რესურსცენტრებში გაიარა.
ის სტუდენტები, რომლებმაც სასწავლო პრაქტიკის პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინეს, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმდნენ.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთა სტაჟირებას აქტიურად გააგრძელებს. სამინისტროს მიზანია, მომავალი სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ. |
|