|
13-04-2011, 23:25
14-15 აპრილს სავაჭრო კომპლექს "თბილისი ცენტრალში" განახლებადი და ეფექტური ენერგოტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება. ღონისძიება"მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში "თიბისი ჯგუფისა" და "თბილისი ცენტრალის" მხარდაჭერით ტარდება.
გამოფენაში მონაწილეობს 20 კომპანია, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ან შემოაქვთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ტექნიკა, ანდა ეწევიან მის დისტრიბუციას. გამოფენის ორგანიზატორია კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", ხოლო მხარდამჭერები საერთაშორისო კორპორაცია BP, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" (NATELI), ევროკომისიის მთავარი დირექტორატი ენერგეტიკის დარგში, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, სხვა ევროპული ინსტიტუტები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები. მსგავსი თემატიკის გამოფენა საქართველოში პირველად ტარდება.
გამოფენა გაიხსნება 14 აპრილს, 11:00 საათზე. გახსნის ცერემონიალს ორგანიზატორებსა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, აგრეთვე თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირები.
გამოფენა მუშაობას 15 აპრილს დაასრულებს. |
|