|
20-06-2011, 23:10
17 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს თანაორგანიზატორობით, ენერგოეფექტურობის თემაზე სემინარი ჩატარდა. სემინარი "ენერგოეფექტურობა - 21-ე საუკუნის აუცილებელი პირობა" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
სიტყვით გამოიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი თამარ რუხაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი.
სემინარზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სემინარს ესწრებოდნენ სამშენებლო, არქიტექტურისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. თემაზე "ენერგოეფექტურობა შენობებში" მოხსენება წაიკითხა საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა სიჭინავამ; "სოლარ ენერჯი ჯორჯიას" წარმომადგენელმა ლევან კობახიძემ ისაუბრა თემაზე "მდგრადი ენერგოტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე არქიტექტურაში"; ენერგოეფექტურობის საქმიანობის მენეჯერმა ნინო ლაზარიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება " თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (ნათელი)";, LEED AP CEO Green Building Council საქართველოს მწვანე შენობების საბჭოს წევრმა ლევან ნათაძემ ისაუბრა თემაზე "მწვანე შენობები"; მუნიციპალიტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძემ საზოგადოებას გააცნო ნაშრომი "ქ. თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი"; ევროპული სამშენებლო მასალები წარმოადგინა ემზარ ჯგერენაიამ, რომელმაც წაიკიტხა მოხსენება " danfoss-ის ენერგოგადამზიდავი ინტელექტუალური მასალები".
სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია. |
|