|
16-04-2011, 00:17
საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა "CTF 2011" ტარდება, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და Expo Georgia-ს ორგანიზებით იმართება.
გამოფენა-ბაზრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. ვერა ქობალიამ ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა გამოფენის მონაწილეთა სტენდები და წარმოდგენილი პროდუქცია და მათ პირადად გაესაუბრა.
CTF 2011-ში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ქართული შემომყვანი ტუროპერატორები, სასტუმროები და სხვადასხვა სახის მომსახურების კერძო კომპანიები. წარმოდგენილია საქართველოს რეგიონები.
საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა ის ადგილია, სადაც ტურისტულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ პოტენციურ პარტნიორებთან, ადგილზე ხვდებიან პოტენციურ მომხმარებლებს, ვინც შეიძლება შეიძინოს მათი ტურისტული პაკეტი. ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციებისთვის კი ტურისტული გამოფენები წარმოადგენს ქვეყნის ეფექტური პოზიციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.
წლევანდელი გამოფენა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ძალიან საინტერესოა. გამოფენაზე სრულადაა წარმოდგენილი საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალი, როგორიცაა: საზღვაო და სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი, კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმი და ა.შ.
გამოფენა ძირითადად გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე, ანუ შიდა ტურიზმზე.
მნიშვნელოვანია, რომ 14-იდან 16 აპრილის ჩათვლით საქართველოს 3 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოფენაზე მისვლით წინასწარ დაეგეგმათ შვებულება/მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე. გამოფენის მთავარ მესიჯად შეიძლება ჩაითვალოს მოწოდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეწვიონ გამოფენას და წინასწარ დაგეგმონ ზაფხულის შვებულება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
გამოფენაზე, საქართველოს გარდა, წარმოდგენილია აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ბელორუსის, ირანის და ყაზახეთის სტენდები. ნიშანდობლივია, რომ წელს გამოფენაზე თემატურად სხვადასხვა კომპანია იღებენ მონაწილეობას, მაგალითად: 14 ტურისტული კომპანია, სხვადასხვა კურორტზე მდებარე 18 სასტუმრო, 3 ავიაკომპანია, სუვენირების მწარმოებლები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ტურიზმის პროფესიული სასწავლებლები და ა.შ. სულ 55 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 180 ორგანიზაცია.
გამოფენაზე, გარდა კურორტებისა, წარმოდგენილია ტურიზმის ისეთი სპეციალიზებული სახეები, როგორიცაა: სამონადირეო ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმის სახეობები. გამოფენა გათვლილია ყველა ასაკობრივ სეგმენტზე, ახალგაზრდებისთვის საინტერესოა სათავგადასავლო ტურები.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოფენაზე 50%-თ გაიზარდა მონაწილე კომპანიების რაოდენობა - 180 ორგანიზაცია. წლევანდელი CTF 2011" წინა გამოფენებისგან განსხვავებით საკმაოდ მასშტაბურია და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტია წარმოდგენილი, სწორედ წლევანდელ გამოფენაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ და შეიძინონ საქართველოს ყველა რეგიონის უნიკალური ხელნაკეთი სუვენირები. ღონისძიების ორგანიზატორთა მიზანია, ხელი შეუწყონ მცირე ბიზნესებს, მაქსიმალურად წარმოაჩინონ სასუვენირე პროდუქცია. წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ გამოფენაზე სრულადაა წარმოდგენილი საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალი. უცხოური კომპანიების მხრიდან კი გაიზარდა დაინტერესება გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
გამოფენაზე გაიმართება სასწავლო სესიები სტუდენტებისთვის, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციები ტურიზმში". მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, ირანი, ბელორუსია, პოლონეთი). ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა გამოფენაში მონაწილე კომპანიებისთვის, რათა საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოურ კომპანიებთან. ghn |
|