|
19-02-2010, 00:43
19-21 თებერვალს სიღნაღში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით "ტურიზმი საქართველოში". შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული პრობლემები; პრიორიტეტების განსაზღვრა და ახალი ტურისტული პროდუქტები; ტურიზმის სწავლების საკითხები; სახელწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამნეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. აღნიშნულ საკითხებთან ერთად განიხილება ბრენდინგის საკითხების შეჯამება; არსებული და დაგეგმილი ბეჭდვითი, ელექტრონული, სატელევიზიო სარეკლამო და საინფორმაციო მასალის შეფასება; პრიორიტეტებისა და თანამშრომლობის დასახვა; საქართველოს შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი წიგნის გამოცემა, ასევე: ახალი ტურისტული პროდუქტი და ამოცანების დასახვა; ღვინის ტურიზმის განვითარების საკითხები; ღვინის მარათონის დაგეგმვა; დისკუსია შიდა ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი მოძრავი ფოტო-გამოფენის დაგეგმვა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით; ფესტივალების მნიშვნელობა საერთაშორისო და შიდა ტურისტულ ბაზარზე; იდეები და გეგმები; სავარაუდო გრაფიკის/კალენდრის შედგენა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყოველწლიური კონფერენციის დაგეგმვა. |
|