20 აპრილს თბილისში, ნატო-ს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება". ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ის ცნობილი აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციები.
ღონისძიების ორგანიზატორის, საქართველოს საბუნებიმეტყველო აკადემიის პრეზიდენტის, პაატა კერვალიშვილის განცხადებით, ღონისძიების იდეა უცხოელ მეცნიერთა და მოღვაწეთა მთელ ჯგუფს ეკუთვნის.
“იდეა პირადად ჩემი არაა, იგი მთელ ჯგუფს ეკუთვნის. რომში, ჩვენი აკადემიის სხდომაზე, სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა. რამდენიმე ადამიანმა (მათ შორის ერთი ნობელის პრემიის ლაურიატია), აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ნატოს ეგიდით ჩატარებულიყო კონფერენცია, რომელიც შეეხებოდა თანამედროვე ინფორმაციის მიღების, გადაცემის, სინერგეტიკის თემებს. პირადად მე იმიტომ დამევალა ამ ღონისძიების ორგანიზება, რომ აღნიშნულ საკითხებზე ნაშრომები მაქვს გამოქვეყნებული. გადაწყდა, რომ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია გენერალური მდივნისთვის. რასაკვირველია, ასეც მოვიქეცი, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ ეტაპზე ღონისძიება გადაიდო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნატო-ს სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა, გაჩნდა ახალი განყოფილება, რომელსაც უნგრელი გაბორ იკლოდი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალინსში ჰყავს დიდი მეგობარი, პროფესორი ერნანდო კარვალიო როდრიგესი, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. მე და როდრიგესი შევთანხმდით, რომ ეს საკითხი თეორიულად ჩამომეყალიბებინა, თავად კი მოელაპარაკებოდა იკლოდს და მისგან თანხმობას მიიღებდა. ასეც მოვიქეცით და ჩვენი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია, რომ დიდი მხარდაჭერა გაგვიწია ნატო-ს გენერალური მდივნის მრჩევლმა, ქალბატონმა დენის ბერტენმა”, - განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება.
“იმას, რომ კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება, საფუძვლიანი მიზეზები აქვს. თავად ამ უნივერსიტეტელი გახლავართ და კარგად ვიცი, როგორი ბაზაა აქ მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს კარგად მოეხსენებათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებსაც. გარდა ამისა, ისინი სამართლიანად ფიქრობენ, რომ ტექნიკური ინტელიგენცია ანუ საქმიანი ინტელიგენცია წამყვანი ძალაა საქართველოსთვის”, - განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.
კერვალიშვილი აცხადებს, რომ, მართლაც, ტექნიკური ინტელიგენციის დონეზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ქვეყნის, რეგიონის “წინ წამოწევა”, რაც პოლიტიკურ მდგრადობას, ინოვაციურ განვითარებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას გულისხმობს.
“კარგად უნდა ვიცოდეთ, ნატო რა არის. ნატო არ არის “თოფიანი კაცი”. ეს არის დასავლური ღირებულებების გამტარებელი სისტემა. რატომღაც ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო საბჭოა. სინამდვილეში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს ორი დიდი მიმართულება: სამხედრო საკითხები და ინოვაციური განვითარება. სწორედ ინოვაციური განვითარების აღმძრავი, ერთგვარი მოტორი საქართველოში უნდა იყოს ტექნიკური უნივერსიტეტი”, - განცხადა კერვალიშვილმა.
კერვალიშვილის განცხადებით, ამ ტიპის კონფერენციების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ეს არის საშუალება - დავანახოთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მთელ მსოფლიოს, რა დონის, რა ინტელექტუალური პოტენციის მქონე ქვეყანა ვართ.
“ამ კონფერენციით მოგვცეს საშუალება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ვაჩვენოთ, რომ გვაქვს მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი. ნატო-ში უნდა დაინახონ, რომ ქვეყანას აქვს ისეთი დონე, რომელიც დამაკმაყოფილებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. მარტო იმისი თხოვნა, რომ მიგვიღონ ნატო-ში, საკმარისი არ არის. ამ ორგანიზაციამ უნდა დაინახოს, რა ხდება ქვეყანაში, შეაფასოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს. სწორედ ამგვარი ღონისძიებებით უნდა დავანახოთ მათ, რომ საქართველო მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. აქ წარმატებულად ტარდება უმაღლესი დონის კონფერენციები, სადაც მსჯელობენ ფილოსოფიაზე, ინფორმაციის სინერგიაზე. თუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ “ნატო-ს ენაზე”, მაშასადამე, გვაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ წვლილი შევიტანოთ ჩრდილოატლანტიკური სისტემის განვითარებაში. ბუნებრივია, ნატო-ს უნდა “მეგობარი”, რომელიც მისთვის რაღაცს შექმნის, პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება”, - განაცხადა კერვალიშვილმა.
როგორც პაატა კერვალიშვილმა აღნიშნა, ამ სახის კონფერენციები ნატო-ს საქმიანობას არასოდეს მოიცავს. ამგვარ ღონისძიებებზე საუბარი ეხება იმას, თუ რა როლს ასრულებს ცოდნა, ინფორმაციის გაცვლა, სინერგია ინოვაციურ, მდგრად განვითარებაში.
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა შვედეთის აკადემიის წარმომადგენელი. მოგეხსენებათ, შვედეთის აკადემია არის იგივე ნობელის კომიტეტი. აქ იქნება ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. იქნებიან სხვა უმნიშვნელოვანესი სტუმრები. ისინი თავად ნახავენ და დარწმუნდებიან, როგორი სინერგიაა, როგორ მუშაობენ აქ კონკრეტულ საკითხებზე. ესაა მოფიქრებული და ჩამოყალიბებული საკითხები, ის დარგები, რომლებიც ინფორმაციის სინერგიას მოიცავს. ნებისმიერი ინოვაცია, რაც მდგრად განვითარებას უკავშირდება, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კერვალიშვილმა და დასძინა, რომ თუ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კარგი მოხსენებები, ისინი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ გამოცემებში დაიბეჭდება.
“უკვე მოლაპარაკებული ვართ “პერგამონ პრესთან”, რომელიც თანახმაა, მეტიც: ელოდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ მზად ვართ დავბეჭდოთ მათთან. ჩვენგან მომხსენებლები იქნებიან ძალიან ცოტა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოხსენებით წარდგება ბატონი ოთარ ზუმბურიძე, რამდენიმე კაცი იქნება გორის უნივერსიტეტიდან, ბათუმიდან. ძირითადად კი, სიტყვით გამოვლენ სტუ-ისა და თსუ-ის წარმომადგენლები”, - განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.
კერვალიშვილის განცხადებით, კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები.
“კონფერენციაზე ჩემი თანათავმჯდომარე იქნება ინდიანაპოლის უნივერსიტეტის პრორექტორი, ჰარვარდის წამყვანი პროფესორი, სუზანა მიხაილიდისი. იგი წარმოშობით ბერძენია, ბათუმშია დაბადებული და საქართველო ძალიან უყვარს; თბილისს ეწვევა ევროპის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის მეცნიერთა გაერთიანების თავმჯდომარე; გარდა ამისა, ჩამოდის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, ლიუბლიანის უნივერსიტეტის რექტორი. იგი ადრე ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და ვადა რომ გაუვიდა, რექტორად აირჩიეს. უამრავი საპატიო სტუმარი ეყოლება ტექნიკურ უნივერიტეტს, თუმცა ბევრი ვერ ჩამოდის”, - განაცხადა კერვალიშვილმა.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა ძიროთად მეთოდსა და მიმართულებას, კერძოდ: მეცნიერება ინფორმაციის შესახებ და ჰუმანიტარული დისციპლინები; ინფორმაციული საზოგადოება და ინოვაციები; მდგრადი განვითარებისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაციის წყაროები, კრიტერიუმები და მოდელები; საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის ახალი მიმართულებები; მეცნიერების საერთაშორისო გაერთიანების მშენებლობა: პერსპექტივები და პრობლემები; სამეცნიერო-ტექნიკურ მონაცემთა დაცვა და მისაწვდომობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის; საერთაშორისო საინფორმაციო-საკომუნიკაციო მოდელები საზოგადოებრივ მეცნიერებებში, პოლიტიკა და პრინციპები; ინფორმაციის მისაწვდომობის თავისუფლების გარეშე საფრთხეები; ციფრული განაწილების გადაკვეთაზე: მონაცემთა მართვაში არსებული პროგრესის დაჩქარება მდგარადობისა და უსაფრთხოებისთვის; ახალგაზრდა მეცნიერების სწავლების საკითხები ინფორმაციიასა და ცოდნის მართვაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებისთვის; რეგიონალური და გლობალური ელექტრონული მეცნიერებისა და კიბერინფრასტრუქტურის განვითარება; თანამედროვე განაწილებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო დამუსავების მეთოდები სამეცნიერო და საინჟინრო გამოყენებისთვის; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; ინფორმაციის სინერგია და მისი მაგალითები ბიომრავალფერვნების, გეოქიმიის, ნევროლოგიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა დარგებისთვის; მონაცემთა უსაფრთხოება საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებში; ჰეტეროგენული მონაცემთა სისტემების ურთიერთმოქმედება მასალებში, ადამიანისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში და სხვა დარგებში; მონაცემემების, ცოდნისა და ინფორმაციისა მისაწვდომობისა და გახსნილი კულტურის განვითარება: რეგიონალურ, დისციპლინარულსა და ინტერდისციპლინარულ ინიციატივებს შორის კავშირების მშენებლობა; ენობრივი ბარიერები სამეცნიერო მონაცემთა ინტეგრაციასა და გამოყენებისთვის; მეცნიერების ინტეგრაცია და მისი სინთეთიკური კველევის მეთოდოლოგია; ახალი მეთოდები ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების მონაცემთა ინტეგრაციაში; სენსორული სისტემები და ქსელები რეალურ დროში მონიტორინგისა და ანალიზისთვის; სინერგეტიკა ბიომრავალფეროვნებაში, დამზერის მეთოდები და შესწავლილი მაგალითები; ინფორმაცია და კომუნიკაცია რისკების მონაცემებზე უსაფრთხოებისათვის (სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები და სხვა); ახალი მონაცემები და მიღწევები ფიზიკაში, ქიმიასა და საინჟინრო დარგებში, ასევე მასალათმცოდნეობაში და მათი მულტიდისციპლინარული გამოყენებები; ინფორმატიკა ენერგოგენერაციასა და რესურსების მართვაში.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა შედგება ოთხდღიანი მოწვეული და ზეპირი მოხსენებებისგან, რომელიც ეძღვნება ყველა მთავარ დარგს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი და უსაფრთხო განვითარებისთვის; ასევე დისკუსიებს მრგვალ მაგიდასთან. კონფერენციის ბოლოს ნავარაუდევია შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წმინდა ანდრიას უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა კულტურულსა და საგანმამათლებლო ცენტრებში.
კონფერენციის ოფიციალური ენაა ინგლისური. კონფერენცია - "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" - 24 აპრილს დასრულდება.