|
26-04-2011, 16:18
დიდი ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს სერგო თოფურიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. სერგო თოფურია 2011 წლის 15 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კოლეგები, მეგობრები სერგო თოფურიას იხსენებენ:
მშვიდობით
მშვიდობით? მაპატიე, წამომცდა, უნდა მეთქვა-ნახვამდის! იცი, რომ ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ვარ და მჯერა სულის უკვდავების. ჰოდა, აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ კვლავ შევხვდებით...
მაშ ასე, ჩემო სერგო, კი არ გემშვიდობები, არამედ გეთხოვები მომავალ შეხვედრამდე!
1966 წლის შემოდგომა იდგა. იმდროისათვის როგორც უკვე წარმატებული მეცნიერი და პედაგოგი, ,,გპი“-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამამ ინსტიტუში სამუშაოდ მოგიწვია. ამ პერიდში მე ,,გპი“-ში მუშაობის ათწლიანი მიჯნა მქონდა გადალახული. ამიტომ, გარკვეულწილად, მასპინძლის როლი დამეკისრა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრული ურთიერთობები... მასუკან ორმოც წელზე მეტი ხანი გავიდა... ახალ სამსახურში მუშაობის დაწყების სასტარტო მონაკვეთი შენ სწრაფად და წარმატებულად გაიარე და მალევე დაიმკვიდრე დამსახურებული ადგილი მოწინავეთა რიგებში. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვზრდიდით და ჯანსაღი შეჯიბრის პირობებში ვცდილობდით საერთო საქმის კეთებას. ყოველთვის ვამაყობდი შენთან მეგობრობით, ყოველთვის მჯეროდა შენ მიერ გადადგმული ნაბიჯების. დრო მალე გავიდა... წახვედი, გარდაიცვალე ანუ ფერი იცვალე და უკვდავების გზაზე შემდგარმა სხვა სამყაროში გადაინაცვლე. ამ სამყაროში კი სტუდეტმა შესანიშნავი პედაგოგი დაკარგა, ქართულმა მათემატიკურმა სკოლამ - ბრწყინვალე მათემატიკოსი, გამომცემლობამ - უბადლო ავტორი, სამეგობრომ - შეუდარებელი მეგობარი, შენ მიერ ფუძედებულმა კათედრამ - მეთაური, ოჯახმა - ბურჯი... ძალზე ძნელია შეეგუო ყოველივე ამას. მაგრამ...
არსთა გამრიგესთან არ დავობენ. მოსახდენი მოხდა და როგორც წმიდა ტიხონ ზადონელი ბრძანებდა: ,,ადამიანებს დიდი ხნის სიცოცხლე სურთ. შენ ქრისტიანი ხარ და ნეტარი სიკვდილი ისურვე“, რადგან არსებობს ერთი გარდაუვალი და უეჭველი შეხვედრა – შეხვედრა სიკვდილთან.
ანზორ შავგულიძე
გახსენება
ბატონ სერგო თოფურიასთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. იგი 1967 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმ. მათემატიკის # 3 კათედრაზე გავიცანი. პირველი შეხვედრისთანავე ბატონმა სერგომ მომხიბლა თავისი უშუალობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი ღიმილითა და იუმორის გრძნობით. პირველი სიმპათია გადაიზარდა მრავალწლიან თანამშრომლობასა და მეგობრობაში.
მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშავე უმ. მათემატიკის # 63 კათედრაზე, რომელსაც ბატონი სერგო ხელმძღვანელობდა. ის მეგობრული და კოლეგიალური ატმოსფერო, რომელიც ჩვენს კოლექტივში სუფევდა მნიშვნელოვანწილად ბატონი სერგოს პიროვნული თვისებების დამსახურება გახლდათ.
მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ბატონი სერგო იყო შესანიშნავი პედაგოგი. მან თავის მოსწავლეებთან ერთად შექმნა სახელმძღვანელოთა მთელი სერია, რომლებითაც ახალგაზრდობის არაერთი თაობა ეუფლება მათემატიკის საფუძვლებს. ვამაყობ, რომ კათედრის სხვა წევრებთან ერთად მეც ვარ რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი. ბატონი სერგო ყველას, ვისაც ჰქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება, გვაოცებდა თავისი უშრეტი ენერგიით. დაძაბული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად ის ახერხებდა ყურადღება მიექცია საშუალო სკოლებში მათემატიკის სწავლების საკითხისათვის. ღიმილით მახსენდება ჩვენი კათედრის თანამშრომელთა სტუმრობა ახალციხის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სადაც მოსწავლეები გაიძახოდნენ `ცოცხალი თოფურია ვნახეთო~.
ბატონი სერგო იყო საინტერესო მოსაუბრე. დიდ პატივს სცემდა ქართული სუფრის ტრადიციებს. უყვარდა შეხვედრები მეგობრებთან და კოლეგებთან არასამუშაო გარემოში. საბედნიეროდ, მეც გახლდით არაერთი ასეთი სასიამოვნო შეხვედრის მონაწილე.
ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის დერეფანში, ლექციებს შორის შესვენება მოხდა. ბატონი სერგო, როგორც ყოველთვის მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა... საუბედუროდ ეს მისი უკანასკნელი ლექცია აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ის თავის საყვარელ საქმეს ემსახურა.
გულდასაწყვეტია, რომ მრავალი ღირსებით შემკული კაცი ჩვენთან აღარ არის. სერგო თოფურია მუდამ მოღიმარი, უზომოდ კეთილი პიროვნება სიცოცხლეს გვაყვარებდა და ამქვეყნად ყოფნას გვილამაზებდა.
ავთანდილ კვალიაშვილი
სერგო თოფურიას გახსენება
მიჭირს სერგო თოფურიაზე წარსულში ლაპარაკი. რატომღაც მგონია, რომ ის, ისევ ისეთი ენერგიით სავსე და მხიარული დამხვდება თავის სამუშაო ოთახში და კითხვაზე: როგორ ბრძანდებით, ბატონო სერგო! ისევ ისე მიპასუხებს: შესანიშნავად!
სერგო თოფურია ამქვეყნად მოვლენილი იყო მხოლოდ იმისათვის, რომ თვითონაც ფუტკარივით ეშრომა და მის ირგვლივ შემოკრებილი ახალგაზრდებიც ასეთი შრომისთვის დაერაზმა. ამას ის თავისი ქვეყნისა და მისი საყვარელი ახალგაზრდობის საკეთილდღეოდ აკეთებდა. აკეთებდა დაუზარებლად, უდიდესი ენთუზიაზმით. ბატონმა სერგომ მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებებში სახელმძღვანელოებზე მაშინ დაიწყო ფიქრი, როცა პირადად მეცნიერისთვის, ეს საქმიანობა წამგებიანი გახადეს. ვაღიარებ, დასაწყისში მიკვირდა, რატომ ხარჯავდა ასეთი წარმატებული მეცნიერი, მისთვის ასე ძვირფას დროს, საქმიანობაში, რომელიც იმ დროისათვის აბსოლუტურად დაუფასებელი იყო. მხოლოდ მოგვიანებით დავინახე: დაუფასებელი კი არა, ბატონი სერგო თოფურიას ღვაწლი, დღეს შეუფასებელია. თითქმის ნახევარ საუკუნეს ვიმუშავე მასთან. სასიამოვნო მოსაგონარი ძალიან, ძალიან ბევრი მაქვს. დღეს მხოლოდ ერთს გავიხსენებ.
სულმნათ ნოდარ ახალკაცთან ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბესკოვთან ერთად, მთავარი მწვრთნელის რანგში წასვლის წინ დამპირდა, დავბრუნდები თუ არა, შენ და შენს მეგობრებს, ერთ საღამოს დაგითმობთ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებითო. მართლაც, ჩამოსვლიდან ერთი კვირა არ იყო გასული, დამირეკა. ნოდარს ხალხმრავლობაში გამოჩენა არ უყვარდა ამიტომ შეხვედრა "კონსპირაციულად" უნდა მოგვეწყო. შეკრება ანზორ რაზმაძის მარნად გადაკეთებულ ავტოფარეხში გადავწვიტეთ, პურმარილი ქართული კულინარიის კარუზომ, ამიკო მელუამ (ცნობილი მომღერლის, ქეთი მელუას ბაბუა) მოამზადა. ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, იყო ბატონი სერგოც, რომელსაც ნოდარი მანამდე ფიზიკურად არ იცნობდა. კონსპირაციის მიუხედავად, მონაწილეთა რაოდენობამ გათვალისწინებულს ბევრად გადააჭარბა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ნოდარმა ამას ყურადღება საერთოდ აღარ მიაქცია, პირიქით რაღაცით გამხიარულდა. მთელ საღამოს ყურადღების ცენტრში ბატონი სერგო ჰყავდა, მის ყოველ კითხვას დეტალურად პასუხობდა. ვგრძნობდი, ყველა იქ მყოფს ეგონა ნოდარი ამას ჩემი თხოვნით აკეთებდა, მიკვირდა მაგრამ ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ გზაში ვკითხე: რა იყო ნოდარ, მთელი საღამო მხოლოდ ერთ კაცს რომ დაუთმე-მეთქი. მომეწონა ის ადამიანი, ჩემს თვალში ძალიან დიდ პიროვნებად ჩანდაო. რომ ვუთხარი, ის იყო სერგო თოფურია-მეთქი, გულით გაიხარა.
აკაკი ცივაძე
თვისი ვალი…
ტკივილად მექცა ჩემი ცხოვრების ის ბედნიერი წლები, რომელიც თქვენ გვერდით გავატარე, როგორც უმცროსმა მეგობარმა, როგორც თქვენმა შეგირდმა და სულიერმა შვილმა, ბატონო სერგო… მუდამ მხიბლავდა და მაოცებდა თქვენი გენიალური უბრალოება, სისადავე, უაღრესად რაფირინებული ადამიანური დიადება და უმაღლესი ინტელექტი.
ვინ, თუ არა ჩვენ, თქვენმა აღზრდილებმა, უკვე დაჭარმაგებულმა ,,ბიჭებმა’’, ვიცით, როგორ გიყვარდათ ნიჭიერი ახალგაზრდები, როგორ ეხმარებოდით მათ ჭეშმარიტი გზის ძიებაში. შემთხვევითი არც ის გვეგონა, რომ როდესაც ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა’’, ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გვერდით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაძრული სხვადასხვა თაობის ჩვენთვის, და იქნებ თქვენთვისაც უცნობი ადამიანები გჭირისუფლობდნენ და უკანასკნელ გზაზე მიგაცილებდნენ.
ერისკაცობის მძიმე ჯვარმტვირთელი დააკლდით მთელ ქვეყანას. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც ჩვენს სულს დააკლდა. მშვიდობით, ლამაზი ქართული ოჯახის ღირსეული საჭეთმპყრობელო, ჩემი ოჯახის საყვარელო მეგობარო და სასურველო სტუმარო. უკან დარჩა ის ბედნიერი დღეები, თბილისის სიცხეებსა თუ დამღლელ პედაგოგიურ შრომას გარიდებული, მარტვილის ბუნების წიაღში ერთად რომ შევიგრძნობდით ქართული მიწის სურნელს და მშვენიერებას.
დაბოლოს, თქვენს მარადიულ განსასვენებელთან, მსურს დიდი ილიას სიტყვებით მოგმართოთ: ,,იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში! შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა…” რადგან აღასრულეთ ,,თვისი ვალი”... ჭეშმარიტად...
გელა კირთაძე |
|